გიორგი ქვილითაიასთვის მიმდინარე წელი იღბლიანად დაიწყო. გასულ კვირაში მან აპოელის მაისურით გოლი კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა, ხოლო ამჯერად თავი თასზე გამოიჩინა.
1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ნიქოზიას აპოელი შინ თანაქალაქელ „ოლიმპიაკოსს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე ანგარიში გახსნა – ოქრიაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ სავიჩმა თავით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო გიორგიმ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 45-ე წუთზე კირიაკუომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 75-ე წუთზე, აპოელიდან სტუმრები ეფრემმა დაამწუხრა.
ქვილითაიამ, რომელიც აპოელს ამ სეზონის წინ შეუერთდა ჩემპიონატში მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო, ხოლო თასზე – ერთხელ. აპოელის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ბუბა დაუშვილი მასპინძლების განაცხადში ვერ მოხვდა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 2 თებერვალს შედგება.





