საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფუტსალისტად ეროვნული ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე დაასახელეს, რომელიც რუსეთის “იუგრაში” თამაშობს. ეს GFF AWARDS 2021-ის დაჯილდოებაზე გაირკვა, რომელიც ონლაინ მიმდინარეობს. მან გამოკითხვაში არჩილ სებისკვერაძეს (“გომელი”, ბელარუსი), შოთა თოფურიაა (“თელასი-ჯორჯიანსი”) და ვახტანგ ჯვარაშვილს (“თელასი-ჯორჯიანსი”) აჯობა. კუპატაძემ ეს პრიზი კარიერაში მესამედ მიიღო.
2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ.





