„სერენს“, რომელშიც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, წლის დასაწყისი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში ძალიან ცუდი გამოუვიდა – ზედიზედ 5 მატჩი წააგო. 21-ე ტურში „სერენი“ სტუმრად „მეხელენს“ შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. მასპინძლებიდან 58-ე წუთზე ანგარიში დრუიფმა გახსნა, ხოლო 64-ეზე კუაპერსმა მეორე გოლი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ როგორც ანგარიშიდან ჩანს თავი არც ამჯერად გამოუჩენია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხ მატჩში „სერენს“ მეტოქის კარი ერთხელაც არ აუღია. მიქაუტაძემ რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს 15-ჯერ (13-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. ის „სერენის“ საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, მან ბელგიის თასზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა. წარუმატებელი მატჩების სერიის გამო, კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი ხორდი კონდომი დაითხოვეს.
„ლუვენმა“ სტუმრად „შარლერუა“ 3:0 დაამარცა, მაგრამ გამარჯვებულთა განაცხადში საქართველოს ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია არ იყო. 26 წლის ქართველმა „ლუვენში“ ჩატარაებულ სადებიუტო სეზონის პირველ ნახევარში 11-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მისმა გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და 26 ქულით მე-10 პოზიციაზეა.





