გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „სერენის“ მაისურით კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ბელგიის თასის 1/8-ფინალში „სერენმა“ „ანდერლეხტს“ უმასპინძლა და მატჩის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო ფრედ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში სტუმრებმა გაიმარჯვეს. თავდაპირველად „სერენი“ დაწინაურდა, როდესაც მაზიზმა ანგარიში გახსნა, ხოლო მიქაუტაძემ პენალტიდან თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. 39-ე წუთზე კუამემ ერთი ბურთი გაქვითა, ორ წუთში კი დუბლი მიითვალა. 50-ე წუთზე რაფაელოვმა „ანდერლეხტი“ წინ გაიყვანა. მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა მიქაუტაძემ ბურთის მიწაზე დაუშვებლად პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ მაზიზს, რომელსაც ანგარიშის გათანაბრება არ გაჭირვებია. პენალტების სერიაში „ანდერლეხტმა“ 4:3 მოიგო, მიქაუტაძემ კი თავისი შანსი ამ შემთხვევაშიც გამოიყენა. მან ამ სეზონში ბელგიის თასზე მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, ხოლო ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა 7 გოლი მიითვალა.




