მუსიალა გერმანელებში მეორეა

0
37

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ჩრდილოეთ მაკედონია 4:0 დაამარცხა და ევროპიდან მომავალ ტურნირზე ასპარეზობა პირველმა გაინაღდა.

მასპინძლების რიგებში ერთი გოლი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჯამალ მუსიალამ გაიტანა, რომელიც თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო მეტოქის კარი 83-ეზე აიღო.

მან გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტან მოთამაშეთა ჩამონათვალში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მუსიალა ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის დროს 18 წლისა და 227 დღის იყო. ის მხოლოდ მარიუს ხილერს ჩამორჩება, რომელმაც 1910 წელს შვეიცარიასთან (3:2) შეხვედრაში თავი 17 წლისა და 241 დღის ასაკში გამოიჩინა.

ხილერმა გერმანელთა მაისურით ერთადერთი გოლი გაიტანა. იგი მოგვიანებით საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდა, რომლის ეროვნულ გუნდში რამდენჯერმე ითამაშა.