ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ პატრიკ კლიუვერტის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 21 წელიწადი გაძლო.
მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში G ჯგუფში ნიდერლანდებმა შინ გიბრალტარი 6:0 გაანადგურა, ხოლო დეპაიმ დუბლი შეასრულა.
მან 2021 წელს ეროვნული გუნდის მაისურით 14 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრების ისტორიაში ამდენი გოლი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მანამდე არავის მიუთვლია.
დეპაიმდე რეკორდსმენი კლიუვერტი იყო, რომელმაც 2000 წელს საერთაშორისო ასპარეზზე მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო.
ლუის ვან გაალმა, რომელიც ნიდერლანდელთა სათავეში მესამედ დაბრუნდა, 5 მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 18 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა. ნიდერლანდებს 8 თამაშიდან 19 ქულა აქვთ და G ჯგუფს ლიდერობენ.





