ვაჩიბერაძე ყოფილ გუნდთან დამარცხდა, მაკარიძეს ისევ არ ენდნენ

0
43

ოდესის „ჩერნომორეცი“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველები ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, უკრაინის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში შინ 0:3 დამარცხდა.

ვაჩიბერაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო წიტაიშვილი ძველი ტრავმის რეციდივის გამო განაცხადში ვერ მოხვდა.

მასპინძლები მე-13 წუთიდან ფეხბურთელის გაძევების გამო კაცნაკლული თამაშობდნენ და ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ მრისხანე მეტოქისგან 3 გოლი გაუშვეს.

ცნობისათვის, ვაჩიბერაძე თავის დროზე სწორედ „შახტარში“ ირიცხებოდა და პირველ გუნდში 3 თამაში ჩაატარა. მან კარიერაში დონეცკელების წინააღმდეგ პირველად ითამაშა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-2 ტურში „ალმერიამ“ „ოვიედო“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ისევ ვერ მოხვდა და მხოლოდ თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა.