გარეთ საუთგეიტის აზრით, მთავარი რაც მისმა გუნდმა შეძლო ისაა, რომ მეტოქის დიდი ზეწოლის დროს პანიკაში არ ჩავარდნილა.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ზე ლონდონში „უემბლიზე“ ჩატარებულ ნახევარფინალში დანიელებთან 2:1 გამარჯვების შემდეგ ისაუბრა.
„ჩემთვის რთულია იმ ემოციის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ დღეს ჩვენი ამოცანის შესრულების ბოლომდე მჯეროდა. საიდუმლო არაა, რომ დანია საუცხოო გუნდია, რომელსაც მხარს მთელი მსოფლიო უჭერდა.
გუნდის თამაშით აღფრთოვანებული ვარ და რაც მთავარია, მეტოქის ძლიერი ზეწოლის დროს ფეხბურთელები პანიკაში არ ჩავარდნილან. მათ გაუძლეს და თამაშში დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებმა ეს საუცხოო საღამო დაიმსახურეს.
პენალტის დანიშვნის მომენტი არ დამინახავს და ამიტომ, ამ ეპიზოდს ვერ შევაფასებ. არის VAR-ი, რომელმაც არბიტრის გადაწყვეტილების სისწორე გადაამოწმა. ჩვენმა ფანებმა ამ მატჩში დიდი როლი შეასრულეს – მათი მხარდაჭერა დიდი უპირატესობა იყო, როდესაც მეტოქის დაცვის „გატეხვა“ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ.
დანიას ფეხბურთელტა საოცარი არჩევანი აქვს, მაგრამ ისინი მატჩის ბოლოს უბრალოდ დაიქანცნენ. მათ ამ ტურნირზე საუცხოოდ ითამაშეს და ვულოცავ. დანიელთა კაპიტანი სიმონ კიაერი უნაკალური და დიდებული ადამიანია. ის რაც მან კრისტიან ერიქსენთან მიმართებაში გააკეთა, მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს. წარმოუდგენლად ძლიერი ლიდერია.
ჩემს გუნდთან მუშაობით ფანტასტიკური ემოცია მაქვს და კოლექტივის შიგნით არსებული ვითარება საოცარია. ფეხბურთელები ერთ მუშტად შეკრულნი არიან. თქვენ უბრალოდ არ გინახავთ ისინი ვინც მოედანზე არ იყვნენ, თანაგუნდელებს მხარს როგორ უჭერენ.
ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ გუნდდთან, რომელსაც ფანტასტიკური წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ გამარჯვებისთვის უფრო შესაფერისი მომენტის მოგონება რთული იქნება“ – ციტირებს საუთგეიტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





