დანიის მწვრთნელი: „ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამაბრაზა“

0
23

კასპერ ჰიულმანდ მიაჩნია, რომ დანიის ნაკრებს ევრო-2020-ის ფინალში გასვლაში ხელი მატჩის მსვლელობისას წარმოშობილმა სხვადასხვა გარემოებებმა შეუშალა.

დანიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ლონდონში „უემბლიზე“ გამართულ ნახევარფინალში დამატებით დროში ინგლისელებთან 1:2 წაგების მერე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან ფინალთან ასე ახალოს ვიყავით. მაგრამ მატჩის მსვლელობისასა წარმოშობილმა სხვადასხვა გარემოებებმა ბოლო ნაბიჯის გადადგმაში ხელი შეგვიშალა.

ბიჭებმა საოცრად იმუშავეს. ისინი ძალიან ძლიერები არიან და ფეხბურთს უმაღლეს დონეზე თამაშობენ. ჩვენ ვუტევდით, ვიტანდით და საკუთარ ძალას ვაჩვენებდით. მოთამაშეებს რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გამაბრაზა. ასეთი წაგება ძალიან მძიმეა და იმედგაცრუებას იწვევს, რადგან ეს ბიჭები მოედანზე მაქსიმალურად დაიხარჯნენ. მწარე გამოცდილება მივიღეთ, რომელიც უნდა გადავხარშოთ.

სიტყვებით ვერ გადმოგცმეთ როგორი აღფრთოვანებული ვარ ამ გუნდით, მას მერე რაც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. ჩვენმა ორმა მოთამაშემ ერთი თანაგუნდელი სიკვდილს გადაარჩინეს. მათ მადლობას გადავუხდი.

ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდექით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ახლა ძალიან გულდაწყვეტილნი ვართ. თუმცა, ვფიქრობ, ცოტა ხანში, როდესაც ყველაფერს გვერდიდან შევხედავთ ვიტყვით: „ჩვენ ვცადეთ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას ისევ გავიმეორებთ“ – იუწყება დანიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.