ბრაზილია კოპა ამერიკის მოგებას მეათედ ეცდება

0
31

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კოპა ამერიკის ფინალში ითამაშებს.

ტიტეს გაწვრთნილმა ბრაზილიელებმა რიო დე ჟანეიროში ნილტონ სანტოსის სახელობის სტადიონზე პერუს მინიმალური ანგარიშით აჯობეს.

ბრაზილიელებმა ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ლუკას პაკეტაა. სხვათა შორის, მან გამარჯვების გოლი 1/4-ფინალში ჩილესთან (1:0) მატჩშიც გაიტანა.

ბრაზილია კოპა ამერიკის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა და მე-10 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

მანამდე მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი  1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007 და  2019 წლებში მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ 9-დან 5 შემთხვევაში ბრაზილიელებმა კოპა ამერიკაზე საკუთარ კედლებში გაიმარჯვეს.

ბრაზილია ფინალში კოლუმბიასა და არგენტინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კოპა ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული ურუგვაიმ (15) მოიგო, მეორე ადგილზე არგენტინაა (14), ხოლო მესამეზე ბრაზილია – 9.