მესის გოლი და ორი საგოლე პასი – არგენტინა ნახევარფინალში კოლუმბიას შეხვდება

0
28

არგენტინის ფეხბურთელტა ეროვნული გუნდი ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ქალაქ გოიასის პედრო ლუდოვიკო ტეიშეირას სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში არგენტინელებმა ეკვადორელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მატჩის მე-40 წუთზე არგენტინელთა კაპიტნის ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ დე პაულმა ანგარიში გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

84-ე წუთზე, მესიმ მეორე საგოლე პასი შეასრულა, რომელიც ლაუტარო მარტინესმა გამოიყენა.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მესიმ შეხვედრაში საბოლო წერტილი დასვა. მან სანაკრებო კარიერაში 76-ე გოლი გაიტანა და ეროვნული გუნდების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-8 ადგილზეა.

არგენტინა კოპა ამერიკის ნახევარფინალში კოლუმბიას შეხვდება, რომელმაც პენალტების სერიაში ურუგვაის 4:2 აჯობა (მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა).

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბრაზილია და პერუ დაუპირისპირდებიან.