კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თემურ ქეცბაიას თავკაცობით თბილისის „დინამომ“ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
101-ე ქართულ „კლასიკოში“ ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც სკორუპმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ბრაზილიელი მეკარის ლუკას ფლრესის უხეში შეცდომის მერე, ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:1.
მეორე ტაიმის შუაწელში განელმა ბარნს ოსეიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 76-ე წუთზე დინამოელთა შეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკა ნინუამ მეტოქის საჯარიმოში შეცვლაზე შესული ჰალიდ დოლტმურზიევი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ცნობისთვის, მე-100 „კლასიკოშიც“ „დინამოს“ ქულა დოლტმურზიევმა გადაურჩინა.
79-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა „ტორპედოს“ საჯარიმოში პასი დოლტმურზიევს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ხორვატ მატეო შიმიჩს ხელზე შეეხო და კარს გადაცდა. მთავარმა მსაჯმა კობა რევაზაშვილმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. „დინამოს“ კაპიტანმა ნინუამ თერთმეტმეტრიანი კარგად ვერ შეასრულა და ოთო გოშაძემ ბურთი მოიგერია.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „დინამო“ 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა. გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 44 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი




