18-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგეს

0
0

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთს ერთის წილ ორი ლელო გაუტანა, მაგრამ ხშირად ჯარიმდებოდა, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა. მან ოთხ ჯარიმასთან ერთად, ორი არეკნიც გაიტანა და 23:17 გამარჯვებით ტიტული შეინარჩუნა.
ეს იყო ჩვენი გუნდის მიჯრით მე-11 ფინალი, საიდანაც ექვსი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბოლო ორი წელია თასი ესპანეთში მიდის და რევანში კიდევ ერთი წლით გადაიდო.
ესპანეთი მე-10 წუთზე ჯარიმით დაწინაურდა. საპასუხოდ საქართველომ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა ორჯერ არ დაარტყა, სალელოვედ შეუტია და მიზანთან ახლოს იყო, მაგრამ ბურთი ჩაიხურა. მე-15 წუთზე ჯარიმის კარში დარტყმას კვლავ ლელოზე თამაში ვარჩიეთ, მოლმა მეტოქის 22-ში კარგად იმუშავა, იქიდან გიორგი ხონელიძემ შეუტია და ლელო გაიტანა, რომელიც ლუკა ჭაკუამ გარდასახა. მე-19 წუთზე ჭაკუამ 42 მეტრიდან ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, თუმცა მეტოქემ 28-ე წუთზე ჯარიმით ჯერ სხვაობა შეამცირა, 31-ე წუთზე კი ალამთან ლელო გაიტანა და 11:10 დაწინაურდა.
მეორე ტაიმი ჩვენი შეტევებით დაიწყო და მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზებში შეცდომებს ვუშვებდით. 47-ე წუთზე ესპანეთმა არეკნით უპირატესობა გაზარდა, თუმცა მალევე სინბინით დაისაჯა, საქართველომ აქტიურად შეუტია და მათე ბერუაშვილმა ლელოთი დაგვაწინაურა, ჭაკუამ კი გარდასახა. 55-ე წუთზე ესპანეთმა შორიდან ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა, 64-ე წუთზე კი შორიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ლიდერობა დაიბრუნა.
შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ესპანელებმა არეკნით უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდეს. ჩვენმა 18-წლამდელებმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს და მესამე გაწითლებულ დროზე მოლის შემდეგ ალექსანდრე გამყრელიძე ლელოს გატანასთან ახლოს იყო, თუმცა მას დამიწებამდე მცველი ჩაუწვა და ესპანეთმა 23:17 გაიმარჯვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის

ფინალი. 14 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო – ესპანეთი 17:23 (10:11)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ლუკა შულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. საბა მაჭარაშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ნიკოლოზ ხარებავა; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკა ჯანგულაშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. გეგა გიორგობიანი.
rugby.ge