რამაზ სვანაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან რთულ გზას გადის. ჩვენი გუნდის თავკაცმა ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მეკარე გიორგი მამარდაშვილიც დაესწრო.
რამაზ სვანაძე: “ძალიან მნიშვნელოვანია სასურველი შედეგის დაფიქსირება, როგორც სატურნირო, ისე ფსიქოლოგიური მომენტის გათვალისწინებით. ნებისმიერი დადებითი შედეგი ყოველთვის აადვილებს იმ მიზანს, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. რაც უფრო დრო გავა, ჩვენი თამაში უფრო დაიხვეწება. კარგ ფსიქოლოგიას სწორედ გამარჯვება აყალიბებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ბევრი ვისაუბრეთ ერთმანეთში. ზოგადად, ფეხბურთში დაღმართს აღმართი მოყვება და პირიქით. რეალურად, ჩვენ ძალიან რთულ გზას გავდივართ, მაგრამ იმედია, ამ ყველაფერს ძალიან მალე დავალაგებთ.
სამწუხაროა, რომ ბოლო რამდენიმე მატჩში გოლი ვერ გავიტანეთ. თუმცა, ეს ფეხბურთში ხდება. ვეცდებით, ეს ჩვენთვის სასიკეთოდ შევცვალოთ. გვყავს ძალიან კარგი შემტევები მიუხედავად უდიდესი დანაკლისისა.
უნგრეთი საწყის 15 წუთში ძალიან აგრესიული პრესინგს გვეთამაშა, მაგრამ შემდეგ თამაში შეიცვალა. გოლმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ 90 წუთი ერთნაირად პრესინგს ვერავინ თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ იდეალურად არ გვითამაშია, მიმაჩნია, რომ უნგრეთში წასაგები თამაში არ იყო. ყველაფერი დეტალებმა გადაწყვიტა და ამ დეტალებზე ვიმუშავეთ.
დიდი ხანია ნაკრებში უდისციპლინობა წარსულს ჩაბარდა. ამ ფეხბურთელებს თავისი ხასიათი და პროფესიონალიზმი დამტკიცებული აქვთ. ასე რომ, ამ მხრივ, არანაირი პრობლემა არაა და არც იქნება. დიდი ხანია ამ ბიჭებს ვიცნობ და არასდროს ყოფილა შეკრებაზე დაგვიანება. ფეხბურთელებმა იციან, რომ მაქსიმუმი უნდა გაიღონ და ამას პირველ რიგში დისციპლინა სჭირდება“.
გიორგი მამარდაშვილი: “ჩემი აზრით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ვენდობით ახალ მწვრთნელს და მის შტაბს, ყველანაირად აქვს ჩვენი მხარდაჭერა.
ის ვარჯიშები, რაც გავიარეთ, კარგი იყო. ვეცდებით, ყველაფერი ერთად შევასრულოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. არ ვფიქრობ, ზაფხულზე. ყველანაირად ვცდილობ, რომ განვითარდე, ნაკრებში ვცდილობ, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო, რასაც ალბათ, შეამჩნევდით. დანარჩენს კი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
ვისაუბრეთ ფეხბურთელებმა და ყველა ჩვენგანი განწყობილია, რომ გავაუმჯობესოთ. მარტივ გზას არ გავდივართ, დავეთანხმები მწვრთნელს. ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამ ჩავარდნას მოსდევს აღმასვლა და დიდი იმედი მაქვს, ეს აღმასვლა ხვალიდან დაიწყება. უნდა დავამტკიცოთ, რომ თუნდაც, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, ისე ვითამაშოთ და ჯერ ყველაფერი დაკარგული არაა. შეგვიძლია იმ გზაზე სვლა გავაგრძელოთ“.
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება. ცნობისთვის, ბუდაპეშტში ჩატარებულ მატჩში ჩვენი გუნდი 0:1 დამარცხდა.
ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





