მაურიდესი ბათუმელებს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება

0
0

ბათუმის “დინამოს” მიმდინარე სეზონის ბოლომდე ბრაზილიელი თავდამსხმელი მაურიდესი ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ტყიბულის “მეშახტესთან” 1:0 მოგებულ მატჩში მიღებული ბარძაყის კუნთიდ ტრავმაა.
“ჩვენი კლუბის თავდამსხმელმა, მაურიდეს როკე ჯუნიორმა, “მეშახტესთან” გამართულ შეხვედრაში ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთების სერიოზული დაზიანება მიიღო. სამედიცინო გამოკვლევების შედეგად ნახევრადმემბრანული კუნთის მყესის სრული გაწყვეტა დადასტურდა, რამაც დაუყოვნებელი ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა განაპირობა.
“დინამო ბათუმის” გადაწყვეტილებით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ფინეთის ქალაქ ტურკუში, სპორტული მედიცინის წამყვან ცენტრში გაემგზავრა. ოპერაცია მსოფლიოში აღიარებულმა ქირურგ-ორთოპედმა, დოქტორმა ლასე ლამპაინენმა პირადად ჩაატარა – სპეციალისტმა, რომელსაც ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავების წარმატებული მკურნალობის გამოცდილება აქვს, როგორებიც არიან უსმან დემბელე, ედერ მილიტაო, ნუნუ მენდეში და ლეონარდო სპინაცოლა.
ქირურგიულმა პროცედურამ ყოველგვარი გართულების გარეშე, წარმატებით ჩაიარა. ექიმების პირველადი შეფასებით, სრულ სპორტულ დატვირთვასა და მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 4–5 თვე იქნება საჭირო. მაურიდესი რეაბილიტაციის პირველ ეტაპს კლინიკის სპეციალისტებისა და დინამო ბათუმის სამედიცინო პერსონალის ერთობლივი მეთვალყურეობით გაივლის” – იუწყება ბათუმელთა პრესსამსახური.
32 წლის მაურიდესი “დინამოს” ზაფხულში შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ბათუმელები 59 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა არიან.
ლაშა თაბაგარი