18-წლამდელები ფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ ითამაშებენ

0
1

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს დაძაბულ ბრძოლაში 24:19 სძლია და ფინალში ზედიზედ მე-11-ედ ითამაშებს.
მეტოქემ, რომელმაც 1/4-ფინალში პორტუგალია 20:15 დაამარცხა, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მთელ რიგ კომპონენტებში პრობლემები შეგვიქმნა. მიუხედავად ამისა, დასკვნით წუთებში ჩვენმა გუნდმა მობილიზება მოახერხა, სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და ფინალის საგზური მოიპოვა.
პრაღაში, „მარკეტა სთედიუმზე“ ანგარიში საქართველომ დებიუტშივე გახსნა. პრაქტიკულად პირველსავე შეტევაში, ჩვენს მორაგბეებს კონტაქტის არეში დიდი უპირატესობა ჰქონდათ, ფაზებით თითქმის 30 მეტრი დაფარეს და საბა მერებაშვილმა ლელო შეიტანა, ლუკა ჭაკუამ კი გარდასახა. საპასუხოდ ნიდერლანდებმა მოლით პირველად შემოგვიტია, მათი შეჩერება აშკარა ჯარიმით მოვახერხეთ და საჯარიმო ლელოსთან ერთად, გიორგი ხონელიძის სინბინითაც დავისაჯეთ.
თამაში რომ განახლდა იქვე მძლავრი მოლით უკვე საქართველომ დააყენა, 5-მეტრიანში რაქიდან დროებით ჰავბექის პოზიციაზე გადასულმა ჭაკუამ შეუტია და ლელოთი ლიდერობა მალევე დაგვიბრუნა. 26-ე წუთზე კიდევ ერთხელ დავრჩით კაცნაკლული. ამჯერად სინბინით ბართლომე ხამაშურიძე დაისაჯა, თუმცა ლელო კვლავ იქით გავიტანეთ. ტაიმის მიწურულს, რამდენიმე ფაზის შემდეგ, გიორგი ბერძენიშვილმა მძლავრად შეუტია, ორი მბოჭავი არ შეიმჩნია და საქართველოს მესამე ლელო გაიტანა, რომელიც ჭაკუამ გარდასახა – 19:7.
მეორე ტაიმი საქართველომ კარგად დაიწყო, ფაზები აკინძა, მერე ბურთი ფრთაზე ჩაათამაშა, სადაც მათე ბერუაშვილი ბოლო მბოჭავს სისწრაფეში გაექცა და ლელო გაიტანა. თითქოს, ეს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნიდერლანდებმა მოახერხა ინიციატივის დაუფლება, ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა და საფინალო სასტვენამდე 3-4 წუთით ადრე, სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა.
გაწითლებულ დროზე მეტოქემ კიდევ ერთხელ მოახერხა ჩვენს 22-ში ფეხის მოკიდება, თუმცა საქართველომ 5-მეტრიანში თავი დაიცვა და 24:19 გამარჯვებით, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
პრაღაში ფინალური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს მეტოქის ვინაობა ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის

ნახევარფინალი. 10 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“

საქართველო – ნიდერლანდები 24:19 (19:7)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.

მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. გოგა ბერიძე, 25. მიხეილ მგალობლიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.

ესპანეთი – ჩეხეთი (21:30)

V ადგილის ნახევარფინალი

ბელგია – გერმანია 53:7

პოლონეთი – პორტუგალია 7:34
rugby.ge