საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ „დუბაის“ შემადგენლობაში თავისი საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ადრიატიკის ლიგის მე-6 ტურის ფარგლებში არაბულმა კლუბმა საკუთარ არენაზე ხორვატიულ „ზადარს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით, 89:75 დაამარცხა მეტოქე.
35 წლის ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და პარკეტზე თითქმის 25 წუთი გაატარა. შენგელიამ შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა — მის ანგარიშზე 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა, რაც გუნდში მეორე შედეგი იყო. აღსანიშნავია, რომ „დუბაის“ რიგებში აქამდე თორნიკეს ერთ მატჩში 12 ქულაზე მეტი არ ჰქონდა. შედეგიანი თამაშის გარდა, ქართველმა კალათბურთელმა დაცვაშიც იყოჩაღა და 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რითაც მატჩში მხოლოდ კანადელ მფიონდუ კაბენგელეს ჩამორჩა (33).
ამ წარმატების წყალობით, ადრიატიკის ლიგის B ჯგუფში „დუბაიმ“ წაუგებელი სვლა განაგრძო — გუნდის აქტივში ჩატარებული 5 მატჩიდან 5 მოგებაა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს გამართავს, სადაც სტუმრად „მეგა ბასკეტს“ დაუპირისპირდება.





