მაურიდესის შედევრი, შენგელიას სადებიუტო გოლი

0
9

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ თავის მოედანზე წყალტუბოს „სამგურალი“ 3:ო დაამარცხა. თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ გარდაცვლილი გიორგი ნემსაძის ხსოვნას მიაგეს. გარდა ამისა, ბათუმელები მოედანზე 20-ნომრიანი მაისურებით გავიდნენ და მხარი ხვიჩა კვარაცხელიას დაუჭირეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩის მეორე ტაიმში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ გავა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი იტალიის „ნაპოლიში“ გადასვლამდე ბათუმის „დინამოში“ სწორედ 20 ნომრით თამაშობდა.
მატჩის 23-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლევან შენგელიამ პასი მოლდოველ დმიტრი მანდრიჩენკოს გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, ხოლო კარის წინ მდგომმა ბრაზილიელმა პაულო ვიტორმა ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „სამგურალი“ გააქტიურდა და ლაშა შერგელაშვილს გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც დაახლოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და მასპინძლები მეკარე ნოდარ ყალიჩავამ გადაარჩინა.
65-ე წუთზე ბრაზილიელმა მაურიდესმა, რომელიც შეცვლაზე შევიდა, დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით ბურთი წყალტუბოელთა კარის „ცხრიანში“ ჩასვა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო.
74-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ნიდერლანდელმა იმრანმა დაარტყა და ბურთი მცველის ფეხიდან ლევან შენგელიას მიუვიდა, რომელმაც ბათუმელთა მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ცოტა ხანში, შენგელიას დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოში შესულმა მეკარეს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც ცარიელი კარიდან მცველმა ომარ პატარკაციშვილმა გამოიტანა. საპასუხო შეტევაში შორი მანძილიდან თორნიკე გაფრინდაშვილმა სახიფათოდ „გაისროლა“ და ისევ ყალიჩავამ ივაჟკაცა.
„დინამო“ 56 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 38 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
დინამო ბთ 3:0 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი