საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია. უეფას მიერ მასპინძლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. ტურნირის მასპინძლობის უფლებისთვის შვიდი ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოს კონკურენტები საფრანგეთი, ფინეთი, ხორვატია, ყაზახეთი, პოლონეთი და ესპანეთი არიან.
ესპანეთს და ხორვატიას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე უმასპინძლიათ. დანარჩენი ხუთი ქვეყნისთვის კი ეს პირველი ასეთი გამოცდილება იქნება. მასპინძელი ქვეყნის ვინაობა 2027 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილებას უეფას აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს.
2030 წლის ევროპის ჩემპიონატი ტურნირის ისტორიაში მეთოთხმეტე გათამაშება იქნება. ბოლო ჩემპიონატს, 2026 წელს, ლიეტუვამ, ლატვიამ და სლოვენიამ ერთობლივად უმასპინძლეს.
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2022 და 2026 წლებში იასპარეზა. 2022 წელს ავთანდილ ასათიანის გუნდმა ევროპის რვა საუკეთესო ნაკრებს შორის დაიკავა ადგილი.
„საქართველოს უეფასთან თანამშრომლობით სხვადასხვა მაღალი დონის ტურნირისა და მატჩის ორგანიზების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამჯერად ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენს ქვეყანაში ფუტსალი აქტიურად ვითარდება და ამ მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა. ამ სფეროს განვითარება და ასეთი მასშტაბური ტურნირის მასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი ორგანიზაციისთვის.
ამ ეტაპზე მასპინძლობის სურვილი უკვე დავაფიქსირეთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს ექნება რეალური შესაძლებლობა, 2030 წელს უმასპინძლოს ევროპის საუკეთესო ფუტსალის ნაკრებებს.
აგრეთვე, უკვე დაწყებული გვაქვს მზადებ ფიფას 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელსაც 2029 წელს სომხეთთან ერთად ვუმასპინძლებთ“, — დავით მუჯირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი.
nakrebi.ge





