კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მეორე სათამაშო დღის პირველი მატჩი სამტრედიაში შედგა, სადაც ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. მატჩი „ეროსი მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე იმიტომ გაიმართა, რომ ქუთაისის „რამაზ შენგელიაზე“ მოედნის საფარი გამოიცვალა. „ტორპედოს“ ტრავმის გამო ლიდერი გიორგი არაბიძე აკლდა.
მატჩის მე-15 წუთზე სტუმართა კონტრშეტევა ბრაზილიელმა ჯექსონ კენიომ დაიწყო, რომელმაც ბურთი ჟან ალმეიდასთან გაითამაშა და მარცხნიდან ზუსტი პასი გაუკეთა თანამემამულეს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა. შეხვენებამდე „ტორპედოს“ რიგებში ორი სახიფათო მომენტი სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა შექმნა, მაგრამ გოლით ვერ დაასრულა.
მეორე ტაიმის შუაწელში ქუთაისელთა კუთხურის შემდეგ, ხორვატმა მცველმა დარიო შიმიჩმა თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა რუსთაველები გოლის გაშვებას გადაარჩინა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მიმდინარე სეზონში რუსთაველებმა ქუთაისელებს სამი მატჩი მოუგეს ერთნაირი ანგარიშით 1:0, ხოლო ერთი თამაში 1:1 დასრულდა.
გია ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ 52 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა – ლიდერ ბათუმის „დინამოს“ ქულით ჩამორჩება.
„ტორპედო“, რომელსაც გერმანელი დირკ შუსტერი თავკაცობს, 37 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





