კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში დაიწყო, სადაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „სამგურალმა“ „გაგრას“ 3:0 აჯობა. ცნობისთვის, სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის დათხოვნის შემდეგ, გაგრელები სათამაშოდ ვლადიმერ ხაჩიძემ გაიყვანა, რომელსაც საქართველოში არაერთ გუნდში უმუშავია.
მატჩის მე-7 წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, „გაგრას“ საჯარიმოში სიტუაციაში ყველაზე უკეთესად ირაკლი ბიძინაშვილი გაერკვა და ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა.
46-ე წუთზე წყალტუბოელთა კონტრშეტევისას ბიძინაშვილმა სტუმართა საჯარიმოს ახლოს თორნიკე გაფრინდაშვილი მოძებნა, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.
88-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა კუთხური ჩააწოდა და ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კლაუდიო სებოლინიამ თავით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი ონიანის გაწვრთნილი „სამგურალი“ 35 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა. „გაგრა“ 29 ქულით მერვეა.
სამგურალი 3:0 გაგრა
ლაშა თაბაგარი





