საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში მე-4 მატჩი სტუმრად ლიდერ ჩრ.ირლანდიასთან ჩაატარა, რომელთან პირველ შეხვედრაში თბილისში 0:1 დამარცხდა. იმ თამაშს ფრანგი ვილი სანიოლის თანამდებობა შეეწირა, რომელიც რამაზ სვანაძემ შეცვალა. ბელფასტში უგოლოდ დასრულებული შეხვედრის გმირი გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც სანაკრებო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა.
სვანაძემ ჩრ.ილანდიასთან გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: დაცვის ცენტრში საბა საზონოვი და ლაშა დვალი შეწყვილდნენ, მარჯვნიდან ოთარ კაკაბაძე იდგა, მარცხნიდან – ლუკა ლოჩოშვილი. ნახევარდაცვაში გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ოთარ მამაგეიშვილი მოქმედებდნენ. შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია და ბუდუ ზივზივაძე თამაშობდნენ. ცნობისთვის, საზონოვი და მამაგეიშვილი ოფიციალურ შეხვედრაში სასტარტოში პირველად მოხვდნენ.
24-ე წუთზე დევენმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი ჩვენს საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მდგომი მაკონვილის სახიფათო თავური გიორგი მამარდაშვილმა გაანეიტრალა.28-ე წუთზე მამაგეიშვილმა კარგი პასი გაუკეთა ირლანდიელთა საჯარიმოში დავითაშვილს, რომელიც ერთ მცველს გაცდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში დაარტყა, მაგრამ პირს ჩარლზმა თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ტაიმის ბოლო წუთზე პრაისმა დაახლოებოთ 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთმა კარის მარცხენა ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში დავითაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრში შეიწია და საჯარიმოში გიორგი წიტაიშვილი მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი მცველს ფეხზე შეეხო და მეკარემ ხელებში დააფიქსირა. 73-ე წუთზე მამაგეიშვილი კარში არტყამდა და ფეხებში პრაისი ჩაუვარდა, რის შემდეგ, გიზომ ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად თამაშში ირაკლი ეგოიანი ჩაერთო.
79-ე წუთზე კვარაცხელიამ მოედნის ცენტრიდან წამოიწყო რეიდი, რომლის დროს ორ მეტოქეს გაცდა და დაახლოებით 20 მეტრიდან დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა. მე-80 წუთზე ნოდარ ლომინაძის ძალიან უხეში შეცდომის შემდეგ, მაგენისი მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა და დაარტყა, თუმცა გიორგიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, მაკონვილმა თავით დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. მსაჯმა ეს ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და დააფიქსირა, რომ ამ ეპიზოდში ლომინაძემ ფეხი მაკონვილს თავში მოარტყა, რის გამო, პენალტი დანიშნა. პრაისის დარტყმული თერმეტმეტრიანი მამარდაშვილმა მოიგერია. შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩატარებულ შეხვედრაში კვარაცხელიას დარტყმული პენალტი ირლანდიელთა მეკარემ აიღო. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ჩვენმა გუნდემა ზედიზედ მეოთხე თამაშში გოლი ვერ გაიტანა.
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უნგრეთმა სტუმრად უკრაინას 2:1 აჯობა. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა. 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სტუმრად უკრაინას შეხვდება.
ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი A ლიგაში დაწინაურდება. მეორეადგილოსანი პლეი-ოფში A ლიგის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასულ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან და მე-3 ადგილზე გასული ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ორი გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება. ცნობისთვის, A ლიგიდან პირდაპირ ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდებიდან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ორი ვარდება.
B ლიგიდან პირდაპირ არავინ ვარდება. ჯგუფში მესამე პოზიციის მქონე ნაკრები ავტომატურად B ლიგაში რჩება. მეოთხეადგილოსანი კი, B ლიგაში დასარჩენად, C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს პლეი-ოფში დაუპირისპირება. C ლიგის ჯგუფების პირველადგილოსნები პირდაპირ B ლიგაში წინაურდებიან და მათ D ლიგის 6 გუნდი ემატებათ. ერთა ლიგის 2028-2029 წლების გათამაშება ახალი ფორმატით გაიმართება და D ლიგა უქმდება.
ჩრ.ირლანდია – საქართველო 0:0
5 ოქტომბერი. ბელფასტი. სტადიონი „უინდზორ პარკი“.
ჩრ.ირლანდია: პირს ჩარლზი, ატჩესონი (მაკნეირი, 87), მაკონვილი, ბრაუნი, ჰამი, ში ჩარლზი (კ), გელბრაიტი (სპენსერი, 65), დევენი, კელი (მორისონი, 74), დონლი (მაგენისი, 74), პრაისი (მარშალი, 87).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
საქართველო: მამარდაშვილი, საზონოვი, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, მექვაბიშვილი (ლომინაძე, 65), ქოჩორაშვილი (წიტაიშვილი, 46), გიზო მამაგეიშვილი (ეგოიანი, 74), დავითაშვილი, (ჩაკვეტაძე, 65), ზივზივაძე (მიქაუტაძე, 86), კვარაცხელია (კ).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
84-ე წუთზე პრაისმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
გაფრთხილება: ქოჩორაშვილი (18), ლომინაძე (84), ეგოიანი (86), წიტაიშვილი (89)
მთავარი მსაჯი: სებასტიან გიშამერი (ავსტრია)
ლაშა თაბაგარი





