საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშება წაგებით დაიწყო. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი B ლიგის მე-2 ჯგუფის პირველ მატჩში შინ ჩრ.ირლანდიას დაუპირისპირდა და ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
სანიოლმა დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი და საბა გოგლიჩიძე დააყენა, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ჩააბარა, მარცხენა – საბა ხარებაშვილს. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ, ხოლო შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და გიორგი კვერნაძე თამაშობდნენ.
პირველი ტაიმის საკმაოდ არასანახაოებრივი აღმოჩნდა და ერთადერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა – 38-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა, ხოლო კვერნაძის თავურის შემდეგ სტუმართა მცველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
შესვენებაზე სანიოლმა შეცვალა ხარებაშვილი და თამაშში ჩაკვეტაძე ჩართო, რომელმაც ჩვენი გუნდის შეტევას სიმწვავე აშკარად შემატა. 53-ე წუთზე ბროტანელთა ნახევარზე ჩაკვეტაძემ ჩაჭრა ბურთი, რომელიც გადააწოდა კვარაცხელიას, ამ უკანასკნელმა კი, პასი ისევ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ჩაკვეტაძეს მისცა, რომლის ჩაწოდების შემდეგ კართან ახლოს მდგომმა მიქაუტაძემ ერთი შეხებით ჰაერიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
58-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, კვარაცხელიამ მახვილგონივრული პასი გაუკეთა კარის წინ გახსნილ მიქაუტაძეს, რომელიც რომ შეწვდენოდა შესაძლოა ანგარიში გაეხსნა.
61-ე წუთზე კვარაცხელიამ ირლანდიელთა საჯარიმოსთან ახლოს ფინტებით მცველი „გააბრუა“ და ჩააწოდა, ხოლო ლოჩოშვილი სტუმართა მცველთან ორთაბრძოლის დროს დაეცა. არბიტრმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
78-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ირლანდიელები ისევ მეკარემ იხსნა. 85-ე წუთზე ლოჩოშვილმა შეცვლა მოითხოვა და თამაშში ჯიმი ტაბიძე ჩაერთო.
86-ე წუთზე ქოჩორაშვილმა მოედნის ცენტრში ცუდი პასი მისცა კიტეიშვილს და ბრიტანელთა კონტრშეტევა დაახლოებით 18 მეტრიდან ში ჩარლზმა კარში დარტყმით დაასრულა – ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. 90-ე წუთზე საქართველოსა და ირლანდიის ფეხბურთელები შეკამათდნენ. განსაკუთრებით კვარაცხელია აქტიურობდა, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-8 წუთზე ირლანდიელთა აუტის შემდეგ, ბურთი ცუდად მოვიგერიეთ და ჰამის გადაცემა კარის წინ მდგომა ში ჩარლზმა ერთი შეხებით გამარჯვების გოლი გაიტანა. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები არსებობის ისტორიაში ჩრ. ირლანდიას მეორედ შეხვდა – პირველად 2008 წლის 3 მარტს სტუმრად ამხანაგურად დაუპირისპირდა და 1:4 წააგო.
ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე შეხვედრას 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 28 სექტემბერს ჩაატარებს უკრაინასთან, რომელმაც სტუმრად უნგრეთს 1:0 აჯობა.
საქართველო – ჩრ.ირლანდია 0:1 (0:0)
25 სექტემბერი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“. უმაყურებლოდ.
საქართველო: მამარდაშვილი; გოგლიჩიძე (ბერიაშვილი 85), დვალი, ლოჩოშვილი (ტაბიძე 85), კაკაბაძე, მექვაბიშვილი (კიტეიშვილი 76), ქოჩორაშვილი, ხარებაშვილი (ჩაკვეტაძე 46), კვარაცხელია (კ), მიქაუტაძე, კვერნაძე (დავითაშვილი 76).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ჩრ.ირლანდია: პ. ჩარლზი, იტჩენსონი (ონილი 86), ბალარდი (მაკნაირი 90), ბრაუნი (მაკონვილი 72), ჰამი (კ), შ. ჩარლზი, გალბრაითი, დევენი, კელი (სპენსერი 73), პრაისი, დონლი (მეგენისი 73).
მთავარი მწვრთნელი: მაიკლ ონილი.
გოლი: 0:1 შ. ჩარლზი (90)
64-ე წუთზე კვარაცხელიამ პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე)
გაფრთხილება: ბალარდი (64), ბრაუნი (67), დევენი (90), კვარაცხელია (90)
მთავარი მსაჯი: ორელ გრინფილდი (ისრაელი).
ლაშა თაბაგარი





