ვილი სანიოლი: “ხვიჩა ყოველთვის საკუთარ თავზე წინ გუნდს აყენებს”

0
3

ვილი სანიოლი ძალიან ამაყია, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ხვიჩა კვაარცხელიას მთავარი მწვრთნელია. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის B ლიგის მე-2 ჯგუფში ხვალ ჩრდილოეთა ირლანდიასთან გასამართ მატჩამდე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი: „ორშაბათიდან მთელი გუნდი ერთად არის და, როგორც ყოველთვის, მიხარია, რომ ფეხბურთელები შეკრებას ბედნიერად შეხვდნენ. ისინი მზად არიან, რომ ამ ოთხ მატჩში კარგი შედეგები აჩვენონ.

ბოლო რამდენიმე კვირა და თვე გარკვეულწილად რთული იყო, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავდა. ვგულისხმობ ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი ჩაკვეტაძეს, რომლებმაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშეს და საკმარისი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ. ასევე, ოთარ კაკაბაძე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ.
ისინი მნიშვნელოვანი, საკვანძო ფეხბურთელები არიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთა ლიგისა და ამ ოთხი მატჩისთვის მომზადება მარტივი არ ყოფილა. თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში ფეხბურთელებმა შესანიშნავი მოტივაცია და თავდადება აჩვენეს. იმედი მაქვს, ამას ხვალ მოედანზეც გადავიტანთ და კარგ თამაშს ჩავატარებთ.
ოთარ მამაგეიშვილმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა. სამწუხაროდ, მოახლოებულ მატჩებში ვერ დაგვეხმარება. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან შეიძლება ფეხბურთელს ხშირად უყურებდე ტელევიზიით ან სტადიონზე, მაგრამ ყოველთვის გინდა, რომ ის შენ გვერდით გყავდეს, ნახო ვარჯიშზე, მოედანზე, ესაუბრო და უკეთ გაიცნო.სიმართლე გითხრათ, მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის სამი-ოთხი დღე, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩემთვის ძალიან დადებითი იყო. სანამ წავიდოდა, სწორედ ეს ვუთხარი: „ძალიან ნუ დამწუხრდები. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. თუ ტრავმას მოიშუშებ და კლუბში თამაშს გააგრძელებ, ნოემბერში ისევ დაბრუნდები.
დრო შეიცვალა, თუმცა ზოგჯერ მგონია, რომ წარსული უკეთესი იყო, როდესაც ფეხბურთელები უბრალოდ თამაშობდნენ და წლის ბოლოს ელოდნენ, ვინ გახდებოდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი. გამარჯვებით ბედნიერები იყვნენ ან, სხვა შემთხვევაში, იმედგაცრუებულები. ბოლო რამდენიმე კვირაში ძალიან ბევრჯერ მოვისმინე ფეხბურთელებისგან — „მე საუკეთესო ვარ“.
ხვიჩას მსგავსი რამ არასდროს უთქვამს და სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ამაყი, რომ მისი მთავარი მწვრთნელი ვარ. ის მხოლოდ შესანიშნავი ფეხბურთელი კი არა, შესანიშნავი პიროვნებაცაა, რომელიც ყოველთვის საკუთარ თავზე წინ გუნდს აყენებს. დარწმუნებული ვარ, ამას ხვალაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. ის ჩვენი ლიდერია და ვიცით, რომ როდესაც ხვიჩა კარგად თამაშობს, ყველაფერი კარგად მიდის. იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება”.
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის დაპირისპირება ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი