თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ ბარიერი ვერ გადალახა და დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში, სამი ქულით დათმო შეხვედრა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო ოფიციალური მატჩი გამართა.
შეხვედრა „დუბაისთვის“ კარგად აეწყო — საწყისი მეოთხედი 9-ქულიანი უპირატესობით (27:18) მოიგო. თუმცა, მეორე ათწუთეულში „სამეფო კლუბმა“ თამაში გამოასწორა და დიდი შესვენებისთვის შენგელიას გუნდს მხოლოდ მინიმალური უპირატესობა შერჩა (43:42).
გადამწყვეტი პერიოდის წინ „რეალი“ ერთი ქულით ითვლებოდა წინ (64:63), მაგრამ დუბაელებმა ძალები მოიკრიბეს, მეოთხე მეოთხედი აქტიურად ჩაატარეს და ძირითადი დრო ფრედ, 88:88 დასრულდა. ოვერტაიმში კი უფრო გამოცდილმა მეტოქემ გამოიჩინა თავი, 10:7 იმარჯვა და საბოლოო ჯამში 98:95 იხეირა.
რაც შეეხება თორნიკე შენგელიას პირველ გამოჩენას ახალ კლუბში, მან პარკეტზე სარგებლიანად იმოქმედა და თავის გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
რაც შეეხება ფინალურ წყვილს, „რეალი“ ოქროს მედლებისთვის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ასევე დრამატულ პაექრობაში 92:90 სძლია „ფენერბაჰჩეს“. შენგელიას „დუბაი“ კი ბრინჯაოს მედლებისთვის „ფენერბაჰჩეს“ შეერკინება.





