გიორგი ქვილითაიას დებიუტი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში შედგა. „ჰოლშტენ კილი“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ზაფხულში შეუერთდა, მე-6 ტურში შინ „ოსნაბრუკს“ დაუზავდა – 1:1.
ქვილითაია, რომელმაც კუნთის ტრავმის გამო განვლილი 5 ტური გამოტოვა, ამჯერად განაცხადში მოხვდა. ის თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მასპინძლები ჰარესმა დააწინაურა. 72-ე წუთზე „ჰოლშტენ კილის“ იაპონელმა მცველმა სეკინემ ავტოგოლი მიითვალა. 75-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ზეკი გააძევეს. „ჰოლშტენ კილი“ 4 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
გასული სეზონის პირველი ნახევარი ქვილითაიამ კვიპროსის „არისში“ გაატარა, სადაც ჩემპიონატში 16-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ჩატარებულ ერთ მატჩში თავი ამდენჯერვე გამოიჩინა.
სეზონის მეორე ნახევარში ის „მეცში“ გამოდიოდა, რომლის რიგებში საფრანგეთის ლიგა 1-ში 10-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო. ქვილითაია კარიერის განმავლობაში ასევე უნგრეთის „დიორ ეტოში“, თბილისის „დინამოში“, გორის „დილაში“, ავსტრიის „რაპიდში“, ბელგიის „გენტში“, კვიპროსის „ანორთოსისში“ და აპოელში თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





