გრაცის „შტურმის“ ლიდერმა ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთი პრიზი მიიღო. Transfermarkt-ის ავსტრიულმა გვერდმა ბუნდესლიგის 2025-2026 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის ნახევარმცველმა გაიმარჯვა. მას პრიზი Transfermarkt-ის წარმომადგენელმა დორიან შუსტერმა გადასცა.
კიტეიშვილმა 2025-2026 წლების სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მან ავსტრიის თასზე სამჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ოთარმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ცნობისთვის, კიტეიშვილი განვლილი სამი სეზონის განმავლობაში ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სამჯერ გახდა. მან ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელშიც კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები მონაწილეობდნენ. ავსტრიული ფეხბურთის ისტორიაში კიტეიშვილი მეორეა, რომელიც საუკეთესოდ ზედიზედ სამ სეზონში ცნეს. მანამდე, ასეთი პატივი წილად წარმოშობით ხორვატ, მაგრამ ავსტრიის მოქალაქე ივიცა ვასტიჩს ხვდა. სამჯერ საუკეთესო შტეფან ჰოფმანიც იყო, მაგრამ მას ასეთი აღიარება მიჯრით არ დაუმსახურებია.
გარდა ამისა, კიტეიშვილმა ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის მიერ საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი, რომელიც ბრუნო პეცაის სახელს ატარებს, ზედიზედ ორჯერ 2023-2024 და 2024-2025 წლების სეზონში მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი





