„რუსთავმა“ ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო

0
1

გათამაშების ლიდერმა „რუსთავმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო (ორი ფრე და ერთი მარცხი). 25-ე ტურში გაი ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „სპაერს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მატჩის 26-ე წუთზე „რუსთავის“ ბრაზილიელმა მცველმა დავიდ ოლივეირამ თანაგუნდელის პასის მერე, თავის ნახევარზე ბურთის დამუშავებისას ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და მეკარესთან პირისპირ გასულმ გოჩა ცირდავამ თბილისელები დააწინაურა.
33-ე წუთზე სტუმართა რამდენიმე სვლიანი კომბინაციის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საჯარიმოში პასი ბრაზილიელ ჟან ალმეიდას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა.
„რუსთავი“ 43 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო ანზორ კიღურაძის თავკაცობით „სპაერმა“ 25 ქულა დააგროვა და მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი