„იბერიამ“ ბოჭორიშვილის სადებიუტო გოლით მოიგო

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
მატჩის მე-12 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მცველმა ომარ პატარკაციშვილმა ფორვარდი ნიკა სიხარულაშვილი წააქცია და მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. თბილისელთა კაპიტანმა გიორგი ჯინჯოლავამ მიმდინარე სეზონში მეექვსე თერთმეტმეტრიანი დაარტყა და მეხუთე გაიტანა – 1:0.
28-ე წუთზე ტრავმირებული გიორგი ქობულაძის ნაცვლად თამაშში ნიკა ბოჭორიშვილი ჩაერთო, რომელიც მოედანზე შესვლიდან ცოტა ხანში თავის საჯარიმოში თორნიკე გაფრინდაშვილს ეუხეშა და კიკაჩეიშვილმა VAR-ზე გადამოწმების მერე პენალტი დანიშნა. ლევან გეგეჭკორმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულ – 1:1.
89-ე წუთზე მასპინძლების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „სამგურალის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ბოჭორიშვილმა ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მან კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილ „იბერიას“ 37 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა. გიორგი ონიანის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 32 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი