საქართველოს თასზე სამი 1/2-ფინალისტი გაირკვა

0
2

26 აგვისტოს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის სამი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალი“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ბათუმელებმა მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ სტუმრად, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ასევე დამატებით დროში 4:2 სძლიეს.
კიდევ ერთი ნახევარფინალისტი თბილისში გამოვლინდა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „გაგრამ“ „არაგვი“ 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. თასის მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა „სამტრედიასა“ და „იბერია 1999“-ს შორის 2 სექტემბერს, სამტრედიაში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რუსთავს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი