„იბერია“ პოლონეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა

0
9

თბილისის „იბერიამ“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად პოლონეთის „იაგელონიასთან“ გამართა და 0:4 დამარცხდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონი მატჩს დანაკლისით შეხვდა, რადგან ტრავმების გამო პოლონეთში წამყვანი ფეხბურთელები ვახო ბედოშვილი და ანდრია ბართიშვილი არ იმყოფებოდნენ.
მატჩის მე-3 წუთზე მეტოქის კარისკენ ზურგით მდგომმა ნიკა სიხარულაშვილმა პასი ნიკა დადიანს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 18 მეტრდიან ერთი შეხებით დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.
მე-7 წუთზე ზვიად ნაჭყებია მასპინძლების საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ აბრამოვიჩმა ისევ ივაჟკაცა. მე-16 წუთზე სიხარულაშვილი პოლონელთა ნახევარზე ერთ მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ბადეს გვერდიდან მოახვედრა.
21-ე წუთზე „იბერიას“ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა იმასმა მარჯვენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და გიორგი მაკარიძემ ბურთი მოიგერია. ერთ წუთში მაკარიძემ აგბონიფოს არ გაატანინა, ხოლო პრელეცმა დამატებაზე ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
23-ე წუთზე ვოიტუშეკმა ბურთი ცუდად დაუბრუნა აბრამოვიჩს, რომელსაც ნიგერიელმა ენდემ დაასწრო და ბურთი სიხარულაშვილს მიუვიდა, მაგრამ მასპინძლების მცველმა ვითარების განმუხტვა მოასწრონ- საბოლოოდ „იბერია“ მხოლოდ კუთხურს გამორჩა.
27-ე წუთზე აგბონიფომა გოლი გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 31-ე წუთზე აგბონიფო თბილისელთა საჯარიმოში ალჰასანს ფეხზე წამოედო და მსაჯმა პენალტი დანიშნა. არადა, VAR-ზე გადამოწმების შემთხვევაში შეეძლო სხვა გადაწყვეტილება მიეღო. პენალტი იმასმა შეასრულა და მაკარიძემ ბურთი მოიგერია.
თუმცა, არბიტრმა იმაზს პენალტი გაამეორებინა, რადგან პირველი დარტყმის დროს „იბერიას“ ფეხბურთელები საჯარიმოში ნაადრევად შევიდნენ. იმასმა მეორე ცდა გამოიყენა. 38-ე წუთზე პოლონელმა მცველმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი რომელიც ენდეს დარჩა, მაგრამ ნიგერიელმა გარემარბმა სუსტად დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა.
41-ე წუთზე თბილისელთა ნახევარზე რომანჩუკმა ვარდნაში ბურთი ქარდავას აართვა და პასი საჯარიმოში იმასს მისცა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე აგბონოფო „იბერიას“ საჯარიმოში გიორგი ჯინჯოლავას გაექცა და ბურთი ვოიტუშეკთან გაითამაშა, რის შემდეგ მაკარიძის კარი აიღო.
51-ე წუთზე „იბერიამ“ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშა და სიხარულაშვილის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარცნიდან შეჭრილმა ნაჭყებიამ „იაგელონიას“ კარი აიღო. თუმცა, მსაჯმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და იერიშის დასაწყისში დადიანზე თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, რის გამო, გოლი არ ჩაითვალა.
62-ე წუთზე მონტოიამ ჯარიმის შესრულების დროს „იბერიას“ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც ალჰასანმა საკუთარ კარში გაიტანა. 66-ე წუთზე პრელეცი მაკარიძესთან პირისპირ გავიდა და “იბერიას” მეკარემ თავისი გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა – ბურთი კუთხურზე მოიგერია.
87-ე წუთზე გიორგი კუციამ კუთხური ჩააწოდა და უკრაინელი ნახევარმცველის ელდარ კულიევის თავურის მერე, ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 89-ე წუთზე პოლონელთა საჯარიმოში მყოფმა ამირან ძაგანიამ თავით ბურთი კარს გადააცილა. ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე სიხარულაშვილმა ერთი მცველი ჩამოიცილა და დაახლოებით 20 მეტრიდან ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. ამ ეპიროდიდან ცოტა ხანში ლოსანომ 22-23 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა.
„იბერია“ საპასუხო მატჩს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 აგვისტოს ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგიდან გამოთიშვის შემთხვევაში, ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის ფაზაში ითამაშებს.
„იაგელონია“ (ბიალისტოკი) – „იბერია“ (თბილისი) 4:0 (2:0)
20 აგვისტო. ბიალისტოკი. „ჩორტენ არენა“.
„იაგელონია“:
 აბრამოვიჩი, ვოიტუშეკი, ვიტალი, კობიაში, მონტოია, იმასი (ლოსანო, 70). რომანჩუკი (კ), კლუნგე, აგბონიფო (სოუ, 59), პრელეცი (სილა, 80), შმუტი (კონსეისაუ, 80).
მთავარი მწვრთნელი:
ადრიან სემენეცი.
„იბერია“: მაკარიძე, ჯინჯოლავა (კ), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი (ბოჭორიშვილი, 80), ქობულაძე (ფიგერედო, 80), დადიანი (კულიევი, 80), ალჰასანი (კუცია, 66), ქარდავა, ენდე (ძაგანია, 70), სიხარულაშვილი, ნაჭყებია.
მთავარი მწვრთნელი:
ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 1:0 იმაზსი (34, პენ.), 2:0 აგბონიფო (45+2), 3:0 ალჰასანი (საკუთარ კარში), 4:0 ლოსანო ((90+2).
გაფრთხილება:
კობაიაში (11), ალჰასანი (32), ქობულაძე (48), სელიმოვიჩი (61), დადიანი (71), კულიევი (81).
მთავარი მსაჯი:
რიკარდო დე ბურგოსი (ესპანეთი)
ლაშა თაბაგარი