ნონიკაშვილმა სლოვაკეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

0
2

ლევან ნონიკაშვილმა, რომელიც „სკალიცაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა. მე-4 ტურში „სკალიცა“ შინ „კოშიცეს“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „კოშიცემ“ პირველი ტაიმი 4:0 მოიგო. 59-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:4 აგებდნენ, მარჯვენა ფლანგიდან დანიელმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა და ნონიკაშვილმა თავით ეფექტური გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა. „სკალიცა“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
„ჟილინამ“, სადაც ალექსანდრე ნარიმანიძე გამოდის, სტუმრად „ბანსკა ბისტრიცას“ 4:3 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 78-ე წუთზე გააფრთხილეს. „ჟილინა“ 7 ქულით მეხუთეა.

ლაშა თაბაგარი