„რუსთავმა“ „დინამოს“ შანსი არ დაუტოვა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ თბილისის „დინამოს“ ესტუმრა და სამბურთიანი სხვაობით აჯობა.
„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩის 28-ე წუთზე არგენტინელმა სეიხასმა კუთხური ჩააწოდა და ბრაზილიელი მცველის ოლივეირას დარტყმული ბურთი მეკარე მიხეილ მაქაცარიამ ცუდად მოიგერია, ხოლო ბრაზილიელმა ჟან ალმეიდამ ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:1.
39-ე წუთზე იაპონელი იუტა ნაკანოს გადაცემის მერე, განელმა პრინს ოსეი სისწრაფეში დინამოელ თანამემამულე ბარნს ოსეი აჯობა, რომელიც ალექსანდრე კალანდაძემაც ვერ დაარღვია და საჯარიმოში შეჭრილმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 0:2.
შესვენებამდე ცოტა ხნის ადრე სეიხასმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმოს შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფი ვაჟა ფაცაციას დარტყმის მერე, მაქაცარიამ თბილისელები კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან იხსნა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულს წუთზე სეიხასმა სტანდარტულის შესრულების დროს საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო განელმა სოლომონ კესი მცველებს აჯობა და თავით შეაგდო – 0:3.
მეორე ტაიმში „დინამო“ გააქტიურდა და ორჯერ ნიკა ნინუამ სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „რუსთავის“ მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.
გია ცეცაძის გაწვრთნილ „რუსთავს“ 38 ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამოს“ 34 ქულა აქვს და მეორეა.
ლაშა თაბაგარი