ქუთაისის „ტორპედომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩის წაგების შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი გუნდი შინ მოქმედ ჩემპიონ თბილისის „იბერიას“ დაუპირისპირდა და წარმატებას უხვგოლიან თრილერში მიაღწია – 4:3.
მატჩის მე-6 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან ბურთიანად შესულმა გიორგი არაბიძემ გარე ტერფით პასი ბრაზილიელ ფელიპე პირესს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ვარდნაში დაარტყა და გაიტანა.
მე-13 წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და კარიდან ცუდად გამოსულ მაკარიძეს დაასწრო დათო ბუკუამ, რომელმაც თავით გაიტანა. 21-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავას საუცხოო პასის მერე, გიორგი კუციამ მეკარესთან მარტო აღმოჩნდა და ერთი ბურთი გაქვითა. მე-40 წუთზე ბუკიას გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მამუჩაშვილმა ანგარიშში სხვაობa ისევ ორ ბურთამდე გაზარდა.
56-ე წუთზე ნიკოლოს ბოჭორიშვილმა „იბერიას“ საჯარიმოს სიახლოვეს აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთით შეაჩერა მამუჩაშვილი, რის გამო წითელი ბარათი მიიღო.
65-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ კუთხური ჩააწოდა და ამირან ძაგანიამ თავით ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 76-ე წუთზე ძაგანიამ დაახლოებთ 20 მეტრიდან დაარტყა და ოთო გოშაძიძს ხელიდან ძელს მოხვდა ბურთი, რომელსაც ნიკა სიხარულაშვილმა ადგილი კარში მიუჩინა.
83-ე წუთზე ფრანგი ვირჟილ პენსონი თბილისელთა ნახევარზე ერთ მეტოქეს გაექცა და მარცხნიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დიეგო დეისაძე ძალიან მაღლა ახტა და თავით გამარჯვების გოლი გაიტანა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს თავკაცობით „იბერიამ“ 34 ქულა დააგროვა და მეორეა, ხოლო „ტორპედო“ 30 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





