„იაბლონეცი“, რომელშიც ვახტანგ ჭანტურიშვილი თამაშობს, უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ჩეხურმა გუნდმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ ლაშა ოდიშარიას „რიგასი“ 2:0 დაამარცხა და ერთი გოლი ჭანტურიშვილმა გაიტანა.
ლატვიაში გამართული დაპირისპირება ასევე „იაბლონეცმა“ მოიგო 2:1. ორივე ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო – ოდიშარია 84-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ჭანტურიშვილი 85-ეზე.
ჩეხებიდან მე-4 წუთზე ანგარიში სედლაჩეკმა გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე ნებულამ პენალტიდან სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 38-ე წუთზე ლიპუსცეკმა ერთი ბურთი გაქვითა. ლატვიელებმა თამაში 10 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან 83-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების გამო ფილიპოვიჩი გააძევეს.
„იაბლონეცი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში პირველ შეხვედრას სტუმრად „გლაზგო რეინჯერსთან“ 20 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში 27 აგვისტოს შედგება.
ლაშა თაბაგარი





