საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მაროკოსთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გუნდში როდესაც კილიან მბაპე გყავს, პრობლემა არ გაქვს.
„მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ სამჯერ გავედით, რაც კარგია. ეს ლოგიკური და ბუნებრივი ჩანს, მაგრამ ამას უნდა მიაღწიო. მარტივი მატჩი არ იყო – გამოუყენებელი პენალტი და მომენტები, რომელთა რეალიზება ვერ მოვახერხეთ. თუმცა, კილიანი როდესაც გყავს, პრობლემა არ გაქვს. ჩვენ იქ ვართ, სადაც გვსურდა ვყოფილიყავით. წარმომიდგენია ხალხს საფრანგეთში როგორ უხარია. დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ და ისევ ოთხეულში ვართ. მბაპეს ტრავმა? მან კოჭში ცოტა ტკივილი იგრძნო“ – იუწყება ფრანგული მედია დეშამის ნათქვამს.
განვლილი მატჩის 28-ე წუთზე მაროკოელთა მცველმა მაზრაუიმ თავის საჯარიმოში მბაოე წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. მბაპემ თერთმეტმეტრიანი ცუდად შეასრულა და ბონომ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
მე-60 წუთზე მბაპემ დაახლოებით 18 მეტრიდან ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ და ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე მან საგოლე პასი უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
საფრანგეთის ნაკრები მესამე გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ზედიზედ სამჯერ გავიდა. მანამდე, იმავე სამჯერ გერმანიამ (1966, 1970, 1974, 1982, 1986, 1990, 2002, 2006, 2010, 2014) და ბრაზილიამ (1994, 1998, 2002) მოახერხა.
დეშამი მსოფლი ჩემპიონატების ისტორიაში მეორე მწვრთნელია, რომელმაც გუნდი მიჯრით მესამედ ნახევარფინალში გაიყვანა. მანამდე, იმავე გერმანელმა ჰელმუტ შიონმა მოახერხა ((1966, 1970, 1974).
დეშამმა მწვრთნელის რანგში მსოფლიო ჩემპიონატზე მე-20 თამაში მოიგო. სხვა არცერთ მწვრთნელს 16 მატჩზე მეტი არ მოუგია.
მბაპე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 8-8 გოლი შეაგდო. მან მიმდინარე ტურნირზე ასევე 3 საგოლე პასი გააკეთა და ბოლო 60 წლის მანძილზე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ორ მუნდიალზე 10 ან მეტი საგოლე მოქმედება ჰქონდა. მბაპემ ოთხი წლის წინ კატარში 8 ბურთის გატანის გარდა, 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მბაპემ მუნდიალების პლეი-ოფში 12 მეტოქეთა კარი 12-ჯერ აიღო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე თავი 20-ჯერ გამოიჩინა და არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესის ერთი ბურთი ჩამორჩება. მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში 8-8 გოლით სწორედ მესი და მბაპე ლიდერობენ.
კილიანი საფრანგეთის ნაკრებში 2017 წლის გაზაფხულიდან გამოდის და 104 მატჩში 64 გოლი გაიტანა, პლუს 43 საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი





