ბათუმის „დინამო“ ბრაზილიელი თავდამსხმელით გაძლიერდა

0
2

ბათუმის “დინამომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ პოლონურ რადომიაკთან ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელის, მაურიდეს როკე ჟუნიორის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა და გამოცდილი ფორვარდი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს.
იგი რადომიაკში 2025-2026 წლების სეზონში ასპარეზობდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
მხარეებს შორის ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა. ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, ის დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.
კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:
„ბედნიერი ვარ დინამოში გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო“.
რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას: იგი ბრაზილიური ინტერნასიონალის აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2012 წელს შედგა.
მას შემდეგ მაურიდესმა არაერთი ცნობილი კლუბის (მათ შორის პორტუგალიური „ბელენენსეშის“, ბულგარული ცსკა სოფიას, გერმანული ზანქტ-პაულისა და პოლონური რადომიაკის) მაისურით 280 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 64 გოლი გაიტანა. იგი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და საგოლე ალღოთი გამოირჩევა.
მაურიდესი გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმელები საზაფხულო შეკრებას ერზრუმში გაივლიან, სადაც თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან სამი ამხანაგური შეხვედრაა დაგეგმილი”.
დინამო ბათუმი სეზონის განახლებამდე საზაფხულო შეკრებას თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში გაივლის.
გუნდი ერზრუმში 5 ივლისს გაემგზავრა. დაგეგმილია სამი ამხანაგური შეხვედრა თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან; კონკრეტული მეტოქეების ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ამ ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი თურქულ შეკრებაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე.
მცველები: მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, რეზი ჩიტეიშვილი, დირკ კარლსონი, ალიკა გეთიაშვილი, ივან ტურიცოვი.
ნახევარმცველები: ლუკა წულუკიძე, უერდი მარა, არტემ მილჩენკო, გურამ ჯაფარიძე, თორნიკე კირკიტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, ბექა ბარამიძე, გიორგი კოხრეიძე, ავაკა ეშეთე.
თავდამსხმელები: დმიტრი მანდრიჩენკო, ლევან ხოზრევანიძე.
გუნდს რამდენიმე ახალწვეული უშუალოდ თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. მათ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ.
ერზრუმში საზაფხულო შეკრება 17 ივლისს დასრულდება, რის შემდეგაც გუნდი სეზონის განახლებისთვის მზადებას ბათუმში განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ სეზონი საქართველოს თასის გათამაშებით განახლდება – 25 ივლისს ჩვენი გუნდი სტუმრად თბილისში ორბს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი