პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიასთან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, წარმატებისთვის ნიჭი, დისციპლინა და გულიანად თამაშია საჭირო.
„მსოფლიო ჩემპიონატები სწორედ ასეთია. ეს ჯგუფური ეტაპის მატჩები არაა. კარგად როდესაც თამაშობ შექმნილი საგოლე მომენტები უნდა გამოიყენო. პირველი ტაიმი ყველა ასპექტში საუცხოო იყო – თამაშს კარგად ვკითხულობდით და მოედნის ბოლოს მესამედში მომენტებს ვქმნიდით. თუმცა, ასეთი გუნდების წინააღმდეგ როგორიც ხორვატიაა, საფრთხე ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში გუნდური თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გოლის გაშვების მიუხედავად საკუთარი თავის გვჯეროდა და სათადარიგო მოთამაშეები გამოვიყენეთ, რადგან ისინი მზად იყვნენ. სწორედ ასეთი განწყობა გეხმარება მატჩების მოგებაში. მსოფლიო ჩემპიონატზე იდეალური თამაში არ არსებობს – ნიჭი, დისციპლინა და გულიანად თამაში გჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა მოთამაშე არაა, რომელსაც პენალტის დარტყმა კრიშტიანუ რონალდუსავით შეუძლია. ასევე, არაა სხვა ცენტრალური თავდამსხმელი ისეთი ძალითა და საჯარიმოში შეჭრით ნიჭით როგორიც გონსალუ რამუშია.
მოთამაშეებს ტკბებოდნენ, რომ საშუალება ჰქონდათ პორტუგალიის ნაკრებში რიკარდუ კარვალიოს მამის, ასევე დიეგუ ჟოტას და ანდრეს ხსოვნისთვის ეთამაშა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი შეხვედრის 53-ე წუთზე ხორვატები პერიშიჩმა დააწინაურა, ხოლო რონალდუმ 68-ე წუთზე საპასუხო გოლი პენალტიდან გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გონსალუ რამუშმა ბალკანელების კარი აიღო და პორტუგალია 1/8-ფინალში გაიყვანა. პორტუგალიელები 1/8-ფინალში ესპანელებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 6 ივლისს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მან სანაკრებო დონეზე 146 ბურთი შეაგდო, ხოლო კარიერაში – 976-ე. 41 წლის რონალდუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ითამაშა და თან მეტოქის კარი აიღო. რონალდუმ მუნდიალებზე 26-ე თამაში ჩაატარა და მხოლოდ ლიონელ მესის (29) ჩამორჩება. რონალდუმ კარიერაში 220 პენალტი დაარტყა და 184-ჯერ მოწინააღმდეგეები დაამწუხრა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ერთმანეთს 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ – 41 წლის რონალდუ და ხორვატების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი, რომელსაც 41 წელი სექტემბერში შეუსრულდება. თამაშის შემდეგ, რონალდუმ 1/8-ფინალში გასვლა შარშან ავტოკატასტროფაში დაღუპული პორტუგალიის ნაკრების ფორვარდის დიეგუ ჟოტას მაისურით აღნიშნა.
ლაშა თაბაგარი





