სოლბაკენი: „ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ დავბრუნდით“

0
5

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში კოტდივუართან 2:1 გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მუნდიალზე დაბრუნებით ამაყობს.
„თუ გადავიტან, ყველაფერს გადავიტან. შესაძლოა, ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ ჩვენ დავბრუნდით. 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტურნირში ბოლოს ვმონაწილეობდით. ჩვენ აშშ-ს წინააღმდეგ ვითამაშეთ და ოთხიდან სამი შეხვედრა მოვიგეთ. ჩვენმა გულშემატკივრებმა ფაქტობრივად აშშ დაიპყრეს.
ემოცია თამაშის ბოლოს? ეს ისეთი ტანჯვაა, რომელსაც ალბათ სხვაგან ვერსად განიცდი და ისეთი გრძნობაა, რომლის მიღება სხვა შეხვედრაში შეუძლებელია. ფანტასტიკური გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომლის შემადგენლობაში ფიზიკურად ნამდვილი მონსტრები არიან და რომლების ზოგჯერ ორთაბრძოლებში გვჯობდნენ.
მატჩის მსვლელობისას უპირატესობა ხან ერთ გუნდს ჰქონდა, ხან მეორეს და ისე ჩანდა, რომ შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად წარმართულიყო. ვფიქრობ, მეტოქესშთან შედარებით გოლის გატანის ერთი-ორი შანსით მეტი გვქონდა, მაგრამ საერთო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მეტოქის მწვრთნელი მეცოდება, რადგან გუნდებს შორის სხვაობა მინიმალური იყო“ – იუწყება სოლბაკენის ნათქვამს ფიფას ვებგვერდი.
განვლილი მატჩის 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ნუსამ გვერდი ერთ მცველს აუარა და „ცხრიანში“ ეფექტური დარტყმით ნორვეგია დააწინაურა.
74-ე წუთზე დიალომ, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ნორვეგიის საჯარიმოში საუცხოო დრიბლინგით შეიჭრა და კარში ზუსტად დაარტყა – 1:1. 86-ე წუთზე ნორვეგიამ კარგი კომბინაცია გაითამაშა და ბერგის პასი მერე, ჰოლანდმა ცარიელ კარში გაიტანა – 2:1. ჰოლანდი 5 გოლით მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირებში არგენტინელ ლიონელ მესის (6) და ფრანგ კილიან მბაპეს (6) ჩამორჩება.
ნორვეგია 1/8-ფინალში 6 ივლისს ბრაზილიას შეხვდება. მატჩი საქართველოს დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი