გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაისთან პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ განაცხადა, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
„გასახდელში ნამდვილი იმედგაცრუება სუფევს. სამწუხაროდ, ფეხბურთი ზოგჯერ ასე მუშაობს და ზოგიერთ გუნდს უბრალო ხერხით გამარჯვება შეუძლია. ამ ხერხებისგან თავი მუდმივად უნდა დაიცვა. ჩვენ მეტოქეს უბურთოდ ბევრს ვარბენინებდით, მაგრამ შეგვეძლო მეტოქის საჯარიმოში ბურთი უფრო ხშირად ჩაგვეწოდებინა.
თამაში მანამდე უნდა დაგვემთავრებინა, ვიდრე საქმე პენალტების სერიამდე მივიდოდა. საკმაოდ ნელა ვუტევდით. პლეი-ოფის პირველი რაუნდიდან როდესაც ეთიშები ეს გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან ცოტაა. მსოფლიო ჩემპიონატიდან ზედიზედ მესამედ გავარდით და ამიტომ, პირველხარისხოვან გუნდებში აღარ შევდივართ.
გადადგომას არ ვაპირებ. თუ გერმანიაში სურთ, რომ 2028 წლამდე დავრჩე, მაშინ ამას გავაკეთებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროექტს დავტოვებ“ – იუწყება ნაგელსმანის ნათქვამს ფიფას გერმანული მედია.
განვლილი მატჩის 42-ე წუთზე პარაგვაელებმა მეტოქის ნახევარზე კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მარჯვენა ფლანგიდან გალანსამ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ენსისომ თავით გერმანელთა კარი აიღო.
54-ე წუთზე ვირცმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი პარაგვაელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ჰავერცმა მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში პარაგვაიმ 4:3 გაიმარჯვა. გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში მუნდიალზე პენალტებში პირველად დამარცხდა. მანამდე, ბუნდესნაკრებმა ზედიზედ ოთხი სერია მოიგო.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





