უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს

0
2

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნითი მატჩის მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ მეტოქე არ გატყდა და საბოლოოდ მხოლოდ ორ საცხრილო ქულას დავჯერდით.
საქართველომ უელსს 4 ლელო გაუტანა და ბოლო შეტევა ლელოთი რომ დაესრულებინა, გამარჯვებასაც მოიპოვებდა, თუმცა მეტოქემ ლელოში ბურთი ჩაგვიხურა და მინიმალური სხვაობით, 25:24 გაიმარჯვა.
უმცროსი ბორჯღალოსნების საქომაგოდ „ავჭალის“ ტრიბუნები პირთამდე შეივსო და სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა. მაგრამ ამან სტუმრებზე არ იმოქმედა, დებიუტში მაღალ ტემპში, ხელდახელ შემოგვიტია და მე-16 წუთზე ორი ლელოთი და ერთი გარდასახვით დაწინაურდა.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეორე ლელოს სწრაფად უპასუხეს. მათე მახარაძემ ხაზი გაჭრა კარგად იარა, მას მხარი დავით ბარბაქაძემ და გიორგი ზაზაძემ აუბეს და 5-მეტრიანთან მეტოქემ ჯარიმის ხარჯზე შეგვაჩერა. ამას დერეფნიდან აგორებული მოლი მოყვა და მიხეილ შიოშვილმა ლელოთი ჩამორჩენა შეამცირა.
სტუმრებმა იგრძნეს, რომ მასპინძლები ტემპს კრეფდნენ და 33-ე წუთზე უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს, თუმცა შეტევები გავაგრძელეთ და 38-ე წუთზე მორიგი ლელო გავიტანეთ. შიოშვილმა ამჯერად ბურთი ფრთაზე მიიღო, ორ მცველზე ჯიქურ მივიდა და ლელოში მათთან ერთად შევიდა, ნიკა ხალვაშმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი კარგი შეტევა გვქონდა, თუმცა ის უელსის 5-მეტრიანთან შეწყდა – 12:15.
მეორე ტაიმი საქართველოს შეტევებით დაიწყო. ხალვაშმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლუკა ტაბატაძეს გაატანა, რომელმაც 5-მეტრიანამდე ირბინა, იქ კი მეტოქემ რაქიდან ბურთი არ გაგვატანა და სინბინით დაისაჯა. ამ შეტევას ლელო მაინც მოყვა. დერეფნიდან აგორებულმა მოლმა ღერძი იცვალა, მას გაბრიელ რაზმაძე მოწყდა და მიზანს უწია. გარდასახვა მიზანს ასცდა.
უელსმა ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ლელოთი მალევე გვიპასუხა, 59-ე წუთზე კი ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. 63-ე წუთზე სინბინით ტაბატაძე დაისაჯა და ახლა ჩვენ დავრჩით კაცნაკლულები, თუმცა თავი დავიცავით და შემადგენლობის შევსების შემდეგ, შეტევაზე გადავედით.
75-ე წუთზე თამაშში დავბრუნდით. უელსმა ჩვენი მოლი წესების დარღვევით შეაჩერა და საჯარიმო ლელოსთან ერთად, სინბინითაც დაისაჯა. ორიოდე წუთშე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კარგი შეტევით დიდი მანძილი დაფარეს. ამ შეტევისას უელსი 4-ჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მეტოქეს კიდევ ერთი მორაგბე გაუძევა. რადგან ქარის პირობებში ჯარიმის გატანა არარეალური იყო, ძალისმიერ სტილში შევუტიეთ და ლელოშიც შევედით, მაგრამ იქ მეტოქემ ბურთის ჩახურვა მოახერხა და გამარჯვებამდე სულ რაღაც ერთი ქულა დაგვაკლდა – 24:25.
დაჩი წიკლაური: “იმედგაცრუებულები ვართ. გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდით და ვპირდებით, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით”.
დავით ბარამია: “თამაში ჩვენი შეცდომების გამო დავთმეთ. დისცპილინაში პრობლემები გვქონდა. თუმცა ტრაგიკული არაფერი მომხდარა – შეცდომებით ვსწავლობთ და შეცდომებით ვიზრდებით. წინ კიდევ 4 თამაშია, ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ და უფრო ძლიერები დავბრუნდეთ.
ქართველი გულშემატკივრის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მათი ძალა, მათი გამხნევება და შეძახილი, დიდ მოტივაციას გვაძლევს და დაღლის დროს სწორედ გულშემატკივარია ის ძალა, რომელიც შეტევისკენ გვიბიძგებს”.
ოთხი ლელოს გატანისა და მცირე სხვაობით ჩამორჩენისთვის, საქართველოს 2 საცხრილო ქულა ერგო. ვიტო კოლელიშვილის შეგირდების მორიგი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა იქნება. შეხვედრა 2 ივლისს, “ავჭალაზე” 20:30 საათზე დაიწყება.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. I ტური. 27 ივნისი

თბილისი (საქართველო). “ავჭალა”. 18:00 საათი

საქართველო – უელსი 24:25 (12:15)

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. გაბრიელ რაზმაძე, 4. დავით ბარამია, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. ლევან ეზიეშვილი, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. ირაკლი ყოლბაია; 22. დაჩი წიკლაური, 23. დათა ახვლედიანი.