“დილას” სათავეში ბერძენი ჩაუდგა

0
2

გორის “დილას” 40 წლის ბერძენი სპეციალისტი დიამანტის ვავალისი გაუძღვება. მისი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე იქნება. ორივემ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
“თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ახალი მთავარი მწვრთნელის დიამანტის ვავალისისა და მისი ასისტენტის ლუკა ხომასურიძის კონტრაქტები ოფიციალურად გაფორმდა. ახალი მთავარი მწვრთნელი ასისტენტთან ერთად კლუბის ადმინისტრაციას, სტაფს და მოთამაშეებს შეხვდა და სამომავლო სტრატეგია გააცნო.
ახალგაზრდა სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის რანგში ნამუშევარი აქვს ყაზახურ ,,ჟენისსა” და ბულგარეთის უმაღლესის კლუბ ,,მონტანაში.” მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე კი იგი, ასისტენტ მწვრთნელად საბერძნეთის მთავარ ლიგაში, შემდეგ კლუბებში მუშაობდა: ,,ლამია” ,,პანსერაიკოსი” ,,ათრომიტოსი” ,,არისი” და ,,ასტერასი”,
ახალი მთავარი მწვრთნელი კლუბში სამწვრთნელო პროცესს ,,რუსთავთან,” მე-19 ტურის მატჩის შემდეგ შეუდგება. გუნდში მას ქართველი ასისტენტი ლუკა ხომასურიძე ეყოლება. მოხარულები ვართ მათი მოსვლით ჩვენს კლუბში და წარმატებებს ვუსურვებთ ,,დილასთან” ერთად”.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში “დილას” სათავეში იტალიელი დიეგო ლონგო ედგა, რომელმაც გასულ სეზონში გუნდს საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა. ის თანამდებობიდან 9 მაისს დაითხოვეს და “დილა” ლევან კორღალიძემ ჩაიბარა, რომელიც 4 მოუგებელი (2 ფრე და 2 წაგება) მატჩის მერე წავიდა.
გორელები კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან-მარინოს “ვირტუსს” დაუპირისპირდება. შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, “დილა” კვიპროსის “აპოლონს” შეხვდება.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 9 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო -16 ივლისს. “დილა” პირველ თამაშს დილა“ სახლში ჩაატარებს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრები 23 ივლისს შედგება, საპასუხო კი – 30 ივლისს.
ლაშა თაბაგარი