მესიმ მუნდიალი ჰეთ-თრიქით დაიწყო და კლოზეს გაუთანაბრდა

0
5

ლიონელ მესიმ თავის სანაკრებო კარიერაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატი ჰეთ-თრიქით დაიწყო. I ჯგუფის პირველ შეხვედრაში არგენტინამ თავისი კაპიტნის წყალობით ალჟირს 3:0 მოუგო.
მატჩის მე-17 წუთზე დე პოლის კარგი გადაცემის შემდეგ, მესიმ დაახლოებით 25 მეტრიდან ბურთი „ცხრიანში“ გაახვია. მე-60 წუთზე არგენტინელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ალჟირელთა ლუკა ზიდანმა ცუდად მოიგერია და კარის წინ მდგომაა მესი დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელთა შეტევის დროს მესიმ დაახლოებით 22-23 მეტრიდან აფრიკელთა კარის დარაჯს დაბალ კუთხეში გაუტანა.
მესი 16 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ გერმანელ მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. მან ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 200 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 120-ჯერ აიღო.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 6-ჯერ ითამაშა. მან მეტოქეთა კარი 5 მუნდიალზე აიღო და ამ მაჩვენებლით კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. მესის გოლი მსოფლიო 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუტანია.
მესი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პირველი და ბოლო გოლი 20-წლიანი ინტერვალით გაიტანა. მან კარიეარაში მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში 3 გოლი პირველად გაიტანა. გარდა ამისა, 38 წლის და 359 დღის მესი მუნდიალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2018 წელს 33 წლის ასაკში ესპანეთს სამი ბურთი შეუგდო. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატებზე 12 გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა, ხოლო ოთხი – მარჯვენათი. მას თავით მეტოქის კარი არ აუღია. მან მუნდიალებზე 11 ნაკრების კარი აიღო – რონალდუს, კლინსმანის და კლოზეს მიღწევა გაიმეორა. მან მეტოქეები 5-ჯერ საჯარიმოს გარედან დაამწუხრა და ამ მხრივ ბრაზილიელ რიველინოს გაუთანაბრდა. ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გოლის გამტან ყველაზე ხანდაზმულ მოთამაშეებში მესამეა – როჟე მილას (1994, კამერუნი 44 წლის და 39 დღის) და პეპეს (2022, პორტუგალია, 37 წლის და 292 დღის).
ლაშა თაბაგარი