პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება

0
1

ვეტერანი ბორჯღალოსანი პალიკო ჯიმშელაძე, თითქმის 20-წლიანი შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნებში ბრუნდება – ამჯერად მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში.
50 წლის სპეციალისტი, რომელსაც როგორც მოთამაშის, ასევე მწვრთნელობის უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ‘შავ ლომშიც’ იმუშავებს. ის ხაზის და შეტევის თამაშის გაუმჯობესებაზე იქნება პასუხისმგებელი.
პალიკო ჯიმშელაძე რაგბში 16 წლის ასაკში, ჭიდაობიდან მოვიდა და თამაში მშობლიურ ქალაქში, რუსთავში დაიწყო. ქართული კლუბებიდან ის მხოლოდ რუსთავის ‘ხარებსა’ და თბილისის ‘გუმარში’ თამაშობდა და ორივესთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი – 1994 წელს ‘ხარებთან’, ხოლო 1996 წელს ‘გუმართან’ ერთად.
ის ბორჯღალოსანთა იმ თაობას მიეკუთვნება (მე-20 საუკუნის 90-იანი წლების), რომლებმაც პირველებმა შეაღეს ფრანგული კლუბების კარი და თავი როგორც სპორტული, ისე პიროვნული თვისებებით, იმდენად კარგად წარმოაჩინეს, რომ ქართველ მორაგბეებზე მოთხოვნა დღესაც არ განელებულა.
1998-იდან 2010 წლამდე, ის ‘კასტრის’, ‘გრენობლის’, ‘ორიაკის’, ‘ბობინის’, ‘არასისა’ და ‘შამბერის’ ღირსებას იცავდა.
1994 წელს საფრანგეთში გამართულ ჭაბუკთა მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშის შემდეგ, უნივერსალურ უკანახაზელს ეროვნულ გუნდში უხმეს. პალიკო ჯიმშელაძის სანაკრებო დებიუტი 1995 წელს ბულგარეთთან შედგა და მალევე იქცა გუნდის შეუცვლელ ფიგურად. ბორჯღალოსნების კვართით მან 57 თამაში ჩაატარა, გუნდს ჯამში 320 (9 ლელო, 61 გარდასახვა, 48 ჯარიმა, 3 არეკნი) ქულა შესძინა, რაც დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებლად რჩებოდა.
2001 წელს, მან საქართველოსთან ერთად, რუმინეთის ძლევით პირველად მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (იმხანად ერთა თასი), 2005 წელს კი „მუხებს“ „ანთიმოზ ივერიელის თასი“ აართვა. ჯიმშელაძემ ბორჯღალოსნებთან ერთად ითამაშა პირველ და მეორე მსოფლიო თასებზე – 2003 და 2007 წლებში, თუმცა მანამდე, 2001 წელს იჩაუქა შვიდკაცა მსოფლიო თასზე.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, პალიკო ჯიმშელაძე რაგბში დარჩა და მწვრთნელობა რუსთავის ‘ხარებში’ დაიწყო, შემდეგ წლებში კი ‘ჯიქს’, ‘არმაზს’, ‘იუნკერებს’ და ‘ბათუმს’ ავარჯიშებდა. მწვრთნელის რანგში, საკლუბო დონეზე, მას 4-ჯერ აქვს მოგებული საქართველოს ჩემპიონატი (3-ჯერ ‘ბათუმთან’ და ერთხელ ‘ჯიქთან’ ერთად), ერთხელ დაეუფლა ვერცხლის (ბათუმი), 3-ჯერ კი ბრინჯაოს (2- ჯიქი, 1 არმაზი) მედლებს. პარალელურად, ის 1 წელი ავარჯიშებდა საქართველოს 7-ქალა, ხოლო 10 წელი 7-კაცა ნაკრებს.
ბორჯღალოსნებში ახალ ამპლუაში დაბრუნებული პალიკო ჯიმშელაძე, გუნდს ივლისის ტესტებზე შეუერთდება, მოგვიანებით კი, პარალელურ რეჟიმში, ‘შავ ლომშიც’ გააგრძელებს მუშაობას.
“ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, გონზე მოსასვლელად 2-3 წელი დამჭირდა. ბორჯღალოსნებში 12 წელი გავატარე და ის ფაქტობრივად ჩემი ოჯახი იყო. ბიჭები, ვინც საფრანგეთში ვთამაშობდით, სანაკრებო შეკრებისას ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებდით და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებოდით. ყველა ემოცია, სწორედ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება” – ამბობს პალიკო ჯიმშელაძე და განაგრძობს:
“საქართველოს ნაკრების წევრობა, გნებავთ მოთამაშის და გნებავთ მწვრთნელის რანგში, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ეს დანიშვნა ჩემთვის ფაქტობრივად მეორე შანსის ტოლფასია. ბედნიერი ვარ, რომ ბორჯღალოსნების კვართის მორგება და საქართველოს ჰიმნზე დადგომა კიდევ ერთხელ მომიწევს, ახლა უკვე სხვა ამპლუაში და ახალი დიდი გამოწვევებით”.
rugby.ge