საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია ფეხბურთში დარჩენას გეგმავს. მან ამის შესახებ თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რუმინეთთან 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა. კაშიამ ეროვნულ გუნდში თავისი ბოლო 129-ე თამაში ჩაატარა და კაპიტნის სამკლავურით ბოლოჯერ გაიყვანა.
გურამ კაშია: „ პირველ ყოვლისა, მადლობა ყველას. ძალიან მაგარი და საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემი კარიერა. გუნდს მინდა წარმატება ვუსურვო. თამაშზე რომ მოვდიოდით, ავტობუსში ბევრი ვიტირე, ვერ მაჩერებდნენ.
ემოციებით მართლა დაცლილი ვარ, დასვენება მჭირდება, 39 წლის ვხდები და არ დამისვენია. 1-2 კვირა მჭირდება ყველაფრისგან დასვენება და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, საით წავიდე, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები, რადგან ჩემი საყვარელი საქმეა. ამიტომ, მინდა ფეხბურთში ვიყო.
კვარას არაფერს ვურჩევ, რადგან არ სჭირდება რჩევა. ძალიან მაგარი ლიდერული თვისებები აქვს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ორი დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და დღეს უკვე გუნდთან ერთად იყო. ეს უკვე მის განწყობაზე ბევრ რამეს ამბობს. კვარა იქნება ლიდერი და 100%-ით დარწმუნებული ვარ, იმ გზით წაიყვანს, როგორც საჭიროა. საეჭვო არ არის, რომ მაგარი კაპიტანი იქნება.
ჩემს კარიერაში ქართველმა გულშემატკივარმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, დიდი მოტივაცია მომცა ყოველთვის, განსაკუთრებით ასაკში რომ შევედი, მათი თანადგომა ჩემთვის იყო ახდენილი ოცნება, რადგან მოედანზე რომ ხარ, შენს გვარს სკანდირებს ათასობით ადამიანი – ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ამაყი მომენტებ ჩემს კარიერაში. ეს იყო დასტური, რომ რაღაცას მიაღწიე, ვაკეთებდი საყვარელ საქმეს და გულშემატკივარი მიფასებდა. დიდი მადლობა მათ“.





