ვილი სანიოლი: „ხვიჩა ბაჰრეინთან ითამაშებს“

0
2

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვაარცხელია ხვალ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ 5 ივნისს ბაჰრეინთან აუცილებლად ითამაშებს.
ვილი სანიოლი: „ხვიჩას დაახლოებით 3 კვირის წინ, ბაიერნთან მატჩის შემდეგ ვესაუბრე. მითხრა, რომ ივნისის ამხანაგურ თამაშებზე ის ჩვენთან ერთად იქნებოდა. ცხადია, ის ხვალ არ იქნება. ხვიჩა მეორე თამაშზე იქნება ჩვენთან ერთად. ეს აჩვენებს, თუ რამდენს ნიშნავს ეროვნული გუნდი მისთვის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბაჰრეინთან ხვიჩა ითამაშებს.
ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა, ეს გრძელი და დამღლელი სეზონის ბრალია. ბევრ დებიუტანტ მოთამაშეს მიეცემა შანსი, ამხანაგური მატჩების მთავარი მნიშვნელობა სწორედ ეს არის. გვინდა, კაშო მოგებით გავაცილოთ და დიდი იმედი მაქვს, გუნდი გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. სექტემბერში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გველის, გვინდა, მომზადებულები შევხდვეთ ამ პერიოდს.
ის ჩემზე უფროსია, ჩემთვის ის ლეგენდაა – მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. რუმინეთი კარგი გუნდია და როგორც კაშომ თქვა, მათ წინააღმდეგ თამაში არასდროს არის მარტივი.ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო კაშოსთან მუშაობა, როგორც ფეხბურთელთან, როგორც კაპიტანთან. მის მსგავს კაპიტანს გუნდში ყველა მწვრთნელი ინატრებდა“.
საქართველო-რუმინეთის დაპირისპირება “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში რუმინეთს 8-ჯერ შეხვდა – 1 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ერთადერთხელ 2021 წლის 2 ივნისს სტუმრად 2:1 დაამარცხა.
საქართველო-ბაჰრეინის შეხვედრა 5 ივნისს ასევე “მიხეილ მესხზე” ჩატარდება და სტარტს 20:00 საათზე აიღებს.