გურამ კაშია: “კვარაცხელიას სახით ნაკრებს ძალიან მაგარი კაპიტანი ეყოლება”

0
2

გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი კაპიტნის ხვიჩა კვაარცხელიას ფანია. 38 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ხვალ რუმინეთთან ახმანაგურ მატჩში ეროვნული გუნდის მაისურს ბოლოჯერ მოირგებს, ამის შესახებ დღეს “მიხეილ მესხზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლთან ერთად დაესწრო.
გურამ კაშია: “სლოვანთან” კონტრაქტი ივნისის ბოლომდე მაკავშირებს. გადაწყვეტილებას კონტრაქტის დასრულების შემდეგ მივიღებ. აუცილებლად ფეხბურთში დავრჩები – რა სახით მოხდება ეს, ჯერ არ ვიცი. რთულია ფეხბურთის გარეშე დარჩენა. სლოვანთან კონტრაქტის ამოწურვას დაველოდები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
კვარას ვესაუბრეთ ფინალის შემდეგ. მას ისეთი პიროვნული თვისებები აქვს, რაც ყველასგან გამოარჩევს. უმაგრესი ადამიანია! ვარსკვლავებს, ზოგადად, რთული ხასიათი აქვთ, თუმცა კვარა ძალიან თავმდაბალი და კარგი პიროვნებაა. ძალიან მაგარი კაპიტანი ეყოლება საქართველოს ნაკრებს. საფეხბურთო თვისებებზე რა უნდა ვთქვა? ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბუთელია – ვუთხარი, როცა დრო გექნება, დაფიქრდი რას მიაღწიე. ყველამ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვაყვს. მე მისი ძალიან დიდი ფანი ვარ და მეამაყება, რომ მასთან ერთად ვითამაშე. ადრე საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებს არ ვუყურებდი, ახლა კი ყველა თამაშს ველოდები. კვარა გამონაკლისია, რომელსაც ვუყურებ და მსიამოვნებს.
ნაკრებში ჩემი პირველი გამოჩენიდან დღემდე გასაოცარი პროგრესია. ყველაფერი წინ მიდის, როგორც ფედერაცია, ისე გუნდი. ამ პროგრესით ძალიან დიდ შედეგს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელები შემოგვემატნენ, თუმცა ამ ორგანიზაციის განვითარების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ბოლო პერიოდი ისე არ წავიდა, როგორც დავგეგმეთ, თუმცა დიდი წარმატების შემდეგ წარუმატებლობაც მოდის. თაობაც შეიცვალა – გამოცდილების მიღების შემდეგ ამ თაობას ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ჩავარდნა ლოგიკური იყო – ეს გზაც აუცილებალდ უნდა გაგვევლო. ვფიქრობ, გუნდს ახალი სახე ექნება და ახალ გზას დაიწყებს. ისეთი ფეხბურთელები გვყავს, იგივე წარმატების მიღწევა, როგორც მაშინ ევროზე გასვლა იყო, ჩვეულებრივი ამბავი იქნება. დიდ ტურნირზე აუცილებლად ვითამაშებთ. რთული გზა იქნება, თუმცა გამოცდილების მიღების შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია.
შეგუებული ვარ იმას, რომ ნაკრებში ეს ჩემი ბოლო თამაშია. გული არაფერზე მწყდება. მინდა, რომ ამ თამაშის გარეშემო სევდა არ იყოს. ბევრ რამეს მივაღწიე და მსურს, რომ გულშემატკივართან ერთად ხვალინდელ თამაშშიც გავიხაროთ. მინდა, ხვალ მოვიგოთ და ეს დღე კარგ ხასიათზე დავასრულოთ.
არ მახსოვს, ოდესმე თუ მყავდა რუმინელი თანაგუნდელი, თუმცა გავიხსენებ, რომ რამდენიმეჯერ მომიწია რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში და არასდროს არ ყოფილა იოლი”.
კაშიასთვის რუმინეთთან თამაში სანაკრებო კარიერაში 129-ე იქნება და ის ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენია.
საქართველო-რუმინეთის დაპირისპირება “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში რუმინეთს 8-ჯერ შეხვდა – 1 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ერთადერთხელ 2021 წლის 2 ივნისს სტუმრად 2:1 დაამარცხა.
საქართველო-ბაჰრეინის შეხვედრა 5 ივნისს ასევე “მიხეილ მესხზე” ჩატარდება და სტარტს 20:00 საათზე აიღებს.