საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა დაადასტურა, რომ ხვიჩა კვაარცხელია ხვალ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ 5 ივნისს ბაჰრეინთან აუცილებლად ითამაშებს.
ვილი სანიოლი: „როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია.
ამიტომ, მომდევნო ორი მატჩი მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. როგორც გურამმა აღნიშნა, ხვალინდელი შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია.
მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ის ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის.
ხვიჩას დაახლოებით 3 კვირის წინ, ბაიერნთან მატჩის შემდეგ ვესაუბრე. მითხრა, რომ ივნისის ამხანაგურ თამაშებზე ის ჩვენთან ერთად იქნებოდა. ცხადია, ის ხვალ არ იქნება. ხვიჩა მეორე თამაშზე იქნება ჩვენთან ერთად. ეს აჩვენებს, თუ რამდენს ნიშნავს ეროვნული გუნდი მისთვის. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბაჰრეინთან ხვიჩა ითამაშებს”.
საქართველო-რუმინეთის დაპირისპირება “მიხეილ მესხზე” თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ჩვენი გუნდი არსებობის ისტორიაში რუმინეთს 8-ჯერ შეხვდა – 1 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ერთადერთხელ 2021 წლის 2 ივნისს სტუმრად 2:1 დაამარცხა.
საქართველო-ბაჰრეინის შეხვედრა 5 ივნისს ასევე “მიხეილ მესხზე” ჩატარდება და სტარტს 20:00 საათზე აიღებს.
ლაშა თაბაგარი





