გურამ კაშია: „ვეცდები ეს პატარა ბავშვი ვიყო“

0
4

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გურამ კაშიას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 38 წლის ფეხბურთელი 2 ივნისს ეროვნულ გუნდში თავის ბოლო მატჩზე საუბრობს.
„2 ივნისს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ემოციური თამაში იქნება. მინდა რომ მოვიგო, რადგან პირველი დღიდან  ფეხბურთი რომ დავიწყე ყველაფერი იყო: „უნდა გაიმარჯვო, უნდა მოიგო“. რა თქმა მარტო მოგებაზე ვიფიქრებ. იმაზე არ ვიფიქრებ, რომ ეს ჩემი ბოლო თამაშია და რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს. ვითამაშებ ისე როგორც პატარა ბავშვი,
ესაა ფეხბურთში ყველაზე მთავარი, რომე მოედანზე პატარა ბავშვი იყო, რომელმაც ფეხბურთი დაიწყო და შეიყვარა. ხანდახან კარიერის განმავლობაში ეს მავიწყდებოდა ხოლმე, ხანდახან  გამარჯვებით ვიყავი დაღლილი, ხანდახან – წაგებით, ხანდახან – შეცდომებით, მაგრამ არასოდეს უნდა დაგავიწყდეს, რომ ის პატარა ბავშვი დარჩე, რომელიც ეზოში თამაშობდა და უბანში ორ აგურს შორის გოლი გაჰქონდა.
როგორც ეს გოლი გიხაროდა, ისე უნდა გიხაროდეს სულ ფეხბურთის თამაში. ეს არასდროს უნდა დაივიწყო. ვეცდები ეს პატარა ბავშვი ვიყო“ – განაცხადა კაშიამ, რომელიც ნაკრებში 129-ე თამაშს ჩაატარებს, რაც რეკორდია.
2 ივნისს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან ჩაატარებს, რომელიც 21:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი