იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ექსნახევარმცველ ანდრეა პირლოს მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბალანსის შეცვლა ხვიჩა კვარაცხელიას შეუძლია.
„ვფიქრობ, რომ კვარაცხელია ისაა, ვისაც ახლა თამაშში ბალანსისს შეცვლა შეუძლია, განსაკუთრებით ერთ ერთზე თამაშში, თავისი ეფექტურობით შეტევის დასრულებისა და დარტყმების დროს“ – იუწყება პირლოს ნათქვამს la gazzetta dello sport.
კვარაცხელიამ 2025-2026 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 28-ჯერ ითამაშა – 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან საფრანგეთის თასზე ერთი შეხვედრა გამართა.
ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან პლეი-ოფში 8-ჯერ ითამაშა და 7 გოლის (2 დუბლი) გატანის გარდა, 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ერთ გათამაშებაში პლეი-ოფის ზედიზედ 7 შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთხჯერ დაასახელეს. მან საკონტინენტთაშორისო თასზე ერთხელ იასპარეზა და ერთი გოლი შეაგდო. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ერთხელ ევროპის სუპერთასზე იასპარეზა.
ხვიჩამ, რომელიც პსჟ-ს 2025 წლის იანვარში შეუერთდა, გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, ხოლო საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი თითოჯერ მოიგო. მან ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის „ჩელსისთან“ დამარცხდა.
30 მაისს პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბუდაპეშტში „პუშკაშ არენაზე“ ლონდონის „არსენალს“ დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





